ახალი ამბები

გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები! ყველამ თავი დამანებოს – იმნაძე

28 მარტი, 2020 • 6220
გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები! ყველამ თავი დამანებოს – იმნაძე

“ფილოსოფიებს და ჭკუის სწავლებას ყველამ თავი დაანებოს და დარჩნენ სახლში, ეს არის რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

იმნაძის გაღიზიანება სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოჰყვა.

“ხომ იყო ეს განცხადებები, რომ კერძო სექტორს უნდა შემოიტანოს ტესტები და ხელს უშლიან… დღეს რომ უარყოფითია ტესტი არ ნიშნავს, რომ ავად არა ხართ. ტესტი დადებითი გახდება, ავად რომ გახდებით მე-5, მე-6, მე-7 დღეს – ეს ერთი. მე პოლიტიკოსი არა ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა, თავი დამანებოს სულყველამ. ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს რა… იმდენი რამე ვიცი იმდენ ვიღაცაზე და ჭკვიანები ხომ არიან არა იმ ბანაკში?! ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი?! ხელი რატომ რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ?! – ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. დაეტიონ თავიანთ ადგილას და სახლში დარჩნენ”, – განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ “ძალიან კარგად იციან, ვისზე ილაპარაკა” და თავად ამ ადამიანებს არ დაასახელებს.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში “ყველა ეპიდემიოლოგი გახდა”, თუმცა რჩევების გასათვალისწინებლად მაინც მზადაა.

“ნუ მეკეკლუცებიან ტელევიზიებით, ყველამ იცის ჩემი ნომერი. ყველასგან მივიღებ რჩევას… უნდოდათ ტესტები რომ ყოფილიყო ბაზარზე? – აა, ბატონო, არის. იკეთონ ახლა და იყვნენ”, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, ტესტებს თავისი გამოყენების წესი აქვს, ხოლო თვითონ ღია გაკვეთილების და ეპიდემიოლოგიის ლექციების ჩატარების დრო არ აქვს.

“ყველას დრო გაუჩნდა. ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა. ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს არასამთავრობო ორგანიზაციას, მერე რომ არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი ეს კუდები საიდან მოდის, საქმე არა აქვს ამ ხალხს?! იმის მაგივრად, რომ საქმეს მიკეთებდნენ ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, კითხვარს ავსებენ”, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ ჟურნალისტმა უნდა დასვას ყველა კითხვა, რაც საზოგადოებას აქვს, თუმცა “იმასაც გააჩნია, რომელ საზოგადოებას”.

“მერე მე ამაზე ყველაფერზე უნდა ვუპასუხო, ვუპასუხო, ვუპასუხო და მე საქმე მაქვს გასაკეთებელი. მე ყველაზე უფრო შემეშინდა, ყველამ ერთხმად ქება რომ დამიწყეს. მაშინ მივხვდი რომ ეს არის ორგანიზებული… იცი, რამდენი რამე მაქვს ცხოვრებაში ნანახი. ქება რომ დაიწყო ორგანიზებული მაშინ მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე”, – დასძინა პაატა იმნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი