ახალი ამბები

მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ გვჭირდება – გახარია სააკაშვილის შეთავაზებაზე

28 მარტი, 2020 • 2221
მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ გვჭირდება – გახარია სააკაშვილის შეთავაზებაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა გრძელდება და ამაში “ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება.

“საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება”, – განაცხადა გახარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

საქართველოს მთავრობიდან შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს მოქალაქეების უფასოდ ჩამოყვანის გეგმას. მან ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ შეთავაზება ძალაშია და დაუყოვნებლივ მოუთხოვონ მთავრობისგან მათი დაბრუნების დაბლოკვა.

მიხეილ სააკაშვილმა 27 მარტს საქართველოს მთავრობისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება შესთავაზა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს გეგმა და რესურსები, რათა ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან, საქართველოში უფასოდ დააბრუნოს.

“მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა, რომ შემოუშვას ავიაკომპანია „სკაიაპი”, უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები. ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და მზად ვართ, გესაუბროთ იმაზე, რომ ისინი ყველა მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ განცხადებიდან მალევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ კერძო პირებისგან თუ პოლიტიკური ჯგუფებისგან დაბრუნების შესახებ დაპირებები რეალურ საფუძველს მოკლებულია. საგარეო უწყებამ ასევე გამოაქვეყნა ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილი ავიარეისების განრიგი. აღნიშნულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

ამ თემაზე:

კორონავირუსი: სააკაშვილის დაპირება ემიგრანტებს და საგარეო უწყების რეაქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი