ახალი ამბები

კორონავირუსი: სააკაშვილის დაპირება ემიგრანტებს და საგარეო უწყების რეაქცია

27 მარტი, 2020 • 2884
კორონავირუსი: სააკაშვილის დაპირება ემიგრანტებს და საგარეო უწყების რეაქცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს გეგმა და რესურსები, რათა ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან, საქართველოში დააბრუნოს. ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც თქვა, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები „მოკლებულია რეალურ საფუძველს“.

სააკაშვილი 27 მარტს  „მთავარ“ არხთან საუბარში, აცხადებს, რომ ენმ-ს აქვს სპეციალური სია, შესაბამისად, ემიგრანტების გადმოყვანა გამარტივდება. ტელეკომპანიასთან  საუბარში ის ამბობს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ფულისა და დაზღვევის გარეშე „მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის აეროპორტებში გაჭედილნი არიან“.

„ჩემი შეთავაზება შემდეგია – მე მაქვს საკმარისი კავშირები და საკმარისი ორგანიზაციული რესურსი იმისთვის, რომ ორგანიზება გავუწიოთ საჰაერო და სხვა გზებით ამ ადამიანების ჩამოყვანას კარანტინში, დაცულად, მაგრამ საკუთარ სამშობლოში, იმიტომ, რომ ეს ხალხი იქ შიმშილით დაგვეხოცება.

მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩემს ბიბლიოთეკას, არაფორმალურად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ენმ-ის ცენტრს, რომელიც ემიგრანტებთან მუშაობს, იმიტომ, რომ მათ აქვს სიები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა გაწერილი, მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, იმისთვის, რომ მასობრივად მოვახდინოთ  მათი ჩამოყვანა კარანტინში“, – ამბობს სააკაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ყოფილი პრეზიდენტი ამ გეგმაზე მთავრობასთან საუბარს, სააკაშვილი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება, როგორც მინიმუმ, მათი თანხმობა, იდეალურ შემთხვევაში – თანამშრომლობა“.

ამ განცხადებიდან მალევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ კერძო პირებისგან თუ პოლიტიკური ჯგუფებისგან დაბრუნების შესახებ დაპირებები რეალურ საფუძველს მოკლებულია. უწყებამ ემიგრანტებს თავადაც მიმართა განცხადებით, სადაც წერია:

„მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით.

შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები“,- წერია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მისიები საზღვარგარეთ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი