ახალი ამბები

მოუწოდეთ მრევლს, დარჩეს სახლში- გიგი უგულავა ილია მეორეს ციხიდან მიმართავს

27 მარტი, 2020 • 1284
მოუწოდეთ მრევლს, დარჩეს სახლში- გიგი უგულავა ილია მეორეს ციხიდან მიმართავს

“მოუწოდეთ მრევლს, დარჩეს სახლში”, – ასე მიმართავს ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს.

პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილი უგულავამ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა 27 მარტს:

“საშიშროება რეალურია – ეს იყო თქვენი სიტყვები წლების წინ, 1989 წლის 9 აპრილს და საშიშროება მართლაც რეალური იყო. საშიშროება რეალურია დღეს და თქვენს სიტყვებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოგმართავთ თხოვნით ციხიდან. თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ. არც მაშინ, როცა თქვენი მოწაფე ვიყავი, არც მაშინ, როცა ძალაუფლება მქონდა და არც ახლა, როცა ციხეში ვარ. არც პირფერობა მჩვევია და ბევრი მწარე სიტყვები მითქვამს. ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გევედრებით, შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს, დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში, სჯობს დაინთოს ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა. ნუ გავწირავთ მათ სნეულებისთვის. დღეს ეს თქვენს ხელშია.

ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით, სამწუხაროდ.

სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში. ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. წინ ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთისცხება და ბოლოს ბრწყინვალე აღდგომაა. მოუწოდეთ მრევლს, დარჩნენ სახლში.

ნუ დავანთებთ აპოკალიპტურ ცეცხლს სააღდგომოდ. დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ. ვერანაირი სქოსასტიკური არგუმენტი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დღეიდან აღდგომამდე სწორედ ჩვენ ტაძრები შესაძლოა გახდეს მთავარი რისკის არეალი. ამან შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს. თქვენ გვასწავლიდით, რომ ადამიანია ღვთის სახლი. ვერც ერთი დიადი ტაძრის გუმბათი ვერ მივა თუნდაც ცოდვებით დამძიმებულ ღვთის ქმნილებათა გვირგვინთან – ადამიანთან.

ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად. არ მივცეთ ამპარტავნებას საშუალება, ყველა სათნოება შთანთქას. ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ყოველ საათს. დამნაშავეთა ძიებას აზრი აღარ ექნება.
დღეს თქვენ სიტყვას შეუძლია ადამიანთა გადარჩენაც და მათი საფრთხეში ჩაგდებაც.

დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად თქვენ, იესოს მსგავსად ტაძრის გუმბათზეა და მინდა მჯეროდეს, რომ ეშმაკს სწორ პასუხს გავცემთ – ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (ლუკა 4:12)

გთხოვთ, მოუწოდოთ მრევლს, დარჩეს სახლში. “მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს” ისაია 26:20″, – წერს უგულავა.


21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კორონავირუსის გავრცელების გამო.

საპატრიარქო  რიტუალებს არ წყვეტს –  ბოლო განცხადებით, დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად სასულიერო პირებს ნებას რთავენ წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ .

საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, სრულ განკურნებამდე შინ დარჩნენ, ტაძრებში კი ადამიანებს შორის მანძილი 2 მეტრი უნდა იყოს, ეზოში – 1.5.

მასალების გადაბეჭდვის წესი