ახალი ამბები

გაფართოვდება და გაძლიერდება ოჯახის ექიმის როლი – გაბუნია

27 მარტი, 2020 •
გაფართოვდება და გაძლიერდება ოჯახის ექიმის როლი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმების მიერ პაციენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციების რაოდენობა გაიზარდება.

გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, სხვადასხვა ჩივილით სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე ბევრმა ადამიანმა დარეკოს, გასაუბრების შემდეგ ზოგი მათგანი ოჯახის ექიმთან გადამისამართდება. თამარ გაბუნიას თქმითვე, ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციების სერვისი აქტიურად გამოიყენება თბილისში, თუმცა სამინისტრო ამ მიდგომის გაფართოებას გეგმავს.

“რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ეს ქსელი უკვე ჩართულია და თბილისის ოთხი ცენტრი ძალიან წარმატებით ართმევს თავს სატელეფონო ზარებს, რომელიც თავდაპირველად შედის 112-ში და შემდეგ ხდება ამ ზარების გადამისამართება ოჯახის ექიმთან, სადაც მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი პაციენტს ესაუბრება, გამოიკითხავს მის სიმპტომებს.

ამ ეტაზე ხდება განსაზღვრა, რამდენად სჭირდება ადამიანს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და ხომ არ შეიძლება მისი მართვა ოჯახის ექიმის მიერ. ეს მოდელი ძალიან კარგად მუშაობს. დღეს საუბარია ამ მოდელის გაფართოებაზე, რადგან შესაძლოა ზარების რაოდენობამ მოიმატოს, რაც უკავშირდება ცხელებას ან სხვა სიმპტომებს… ამდენად, პირველადი ჯანდაცვის ექიმები იქნებიან პირველი ხაზის ექიმები იმისთვის, რომ მიიღონ და მაქსიმალურად ჩაერთონ სატელეფონო კონსულტაციაში”,- აცხადებს თამარ გაბუნია.

დღეს, 27 მარტს, გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ ეს მიდგომა არა მხოლოდ თბილისში გაფართოვდება, არამედ სხვადასხვა რეგიონებშიც დაინერგება:

“ჩვენ ამ ქსელის გაფართოებას ეტაპობრივად ვფიქრობთ სხვა რეგიონებზეც. გუშინ დასრულდა მცხეთისა და რუსთავის ექიმების ტრენინგი. ვფიქრობთ, ეს მოდელი კარგად იმუშავებს, რადგან ოჯახის ექიმების ქსელი ქვეყანაში კარგად მომზადებულია.”

სპეციალისტების განმარტებით, რაც უფრო მოიმატებს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები, აუცილებელი გახდება მსუბუქი სიმპტომების მქონე ინფიცირებულთა მკურნალობა სახლის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

27 მარტის 14 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 81 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 13 გამოჯანმრთელდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი