ახალი ამბები

გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც კორონავირუსზე განგაში ატეხა

6 თებერვალი, 2020 •
გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც კორონავირუსზე განგაში ატეხა

ჩინელი ექიმი, ოფთალმოლოგი ლი ვენლიანგი, რომელიც ვუჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა და რომელმაც, როგორც CNN და BBC წერენ, პირველმა ატეხა განგაში კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში, კორონავირუსით გარდაიცვალა.

ექიმი ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ის 12 იანვარს გადაიყვანეს კლინიკაში და პირველ თებერვალს დაუდასტურდა კორონავირუსი.

მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

ვრცლად მის შესახებ:

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ინფექციურს – NCDC-ს რეკომენდაციები კორონავირუსზე

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 28 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული მსოფლიოს მასშტაბით, მათგან 560  ადამიანი დაიღუპა, აბსოლუტური უმრავლესობა უშუალოდ ჩინეთში.

ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, 30-მდე ქვეყანაში შეაღწია. ჯერჯერობით საქართველოში არ დადასტურებულა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო ოფიციალურმა პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი – შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ქალაქ ვუჰანიდან, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი