ახალი ამბები

ვფიქრობ, მაქვს კორონავირუსი. რა შემთხვევაში შემამოწმებენ?

27 მარტი, 2020 •
ვფიქრობ, მაქვს კორონავირუსი. რა შემთხვევაში შემამოწმებენ?

ცხელება, ხველა, ქოშინი, კუნთების ტკივილი და სისუსტე – ეს COVID-19-ის ძირითადი სიმპტომებია, თუმცა ამ სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსზე აუცილებლად გამოგიკვლევენ.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების ნიშნებს. ხოლო COVID-19-ის შესაძლო შემთხვევად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, ითვლება პაციენტი მწვავე რესპირაციული ინფექციით (ხველა, ყელის ტკივილი და სხვა), რომელიც, ამავდროულად, სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე მოგზაურობდა ჯანმოს მიერ რისკის ზონად მიჩნეულ ქვეყნებში, ან კონტაქტში იმყოფებოდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან, COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან, ან შეხება ჰქონდა ისეთ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც COVID-19-ის ინფიცირებულებს მკურნალობდნენ.

სწორედ აღნიშნულ პროტოკოლით ხელმძღვანელობს რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის მთავარ მიმღებად განისაზღვრა. საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს,რომ  მოქალაქეებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს თვითდინებით არ უნდა მიმართონ, რადგან ეს ნაკადების მართვას შეუძლებელს გახდის.

“უცნაურობაა, მაგრამ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე იგონებს ეპიდანამნეზს, რომ კვლევა ჩაუტარდეს. რადგან გამოცხადდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ცენტრალური მიმღებია, მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ტესტები, შეუძლიათ შემოიარონ, ტესტი გაიკეთონ და წავიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. სწრაფი ტექსტები, რომლებიც ჩამოვიდა, განკუთვნილია მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინე ზონებისთვის.

ჩვენთან კვლევა ლუგარის ლაბორატორიის მიერ, “პჯრ” (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ხდება. ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ უნდათ შემოწმება, ვერ მივიღებთ. ამას სხვანაირი ორგანიზება დასჭირდება. ჩვენ რომ ასეთი ადამიანების მიღება დავიწყოთ, ჯერ ერთი, გაიჭედება მოძრაობის სქემა და ტესტებიც არ იქნება უსასრულო, ხომ? ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, რომ ტყუილად არ მოხვიდეთ ტესტის გასაკეთებლად”, – ამბობს გოფოძე.

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორი ლევან გოფოძე

გაფოძის თქმით, ტესტების მიღების შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოც გაზრდის პაციენტების ნაკადს, თუმცა, პირველ რიგში, მაინც იმ კონტინგენტის მიმღები დარჩება, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების კომბინაცია და ეპიდემიოლოგიური ისტორია აქვს. სხვა დანარჩენისთვის, მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანა და დატოვება, შესაძლოა, დამატებითი რისკი იყოს.

“დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ყველა ეს პაციენტი ცალკე პალატაში მოვათავსოთ. დიდი ნაკადის შემთხვევაში ამის საშუალება აღარ გვექნება და შესაძლებელია, რისკიც გაიზარდოს. ამიტომ, ჯერჯერობით ირჩევა კონტინგენტი და მხოლოდ შესაბამისი ჩვენების მიხედვით შემოგვყავს პაციენტები”, – დასძენს ის და ასევე განმარტავს, რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ეჭვი აქვს კორონავირუსზე.

მხოლოდ დაბალი სიცხე, რასაც ამ პერიოდში ბევრი მოქალაქე უჩივის, თუ კომბინაციაში არ მოდის ბევრ სხვა სიმპტომთან, ექიმის თქმით, კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი არ არის. მაგრამ სუნთქვის გაძნელება მაღალი სიცხით ან  დაბალი სიცხით, ყელის ტკივილი, ხველა, ცემინება და ა.შ. მოგზაურობის ან ინფიცირებულთან შემხებლობის ისტორიასთან ერთად უკვე საგანგაშო მდგომაროებად ითვლება.

“თუ ადამიანს აქვს მძიმე სიმპტომები, რაც გულისხმობს მაღალ ტემპერატურას, ხველას, სუნთქვის  უკმარისობას და ა.შ. და ამასთან ერთად აქვს ეპიდანამნეზი, მან უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება და ბრიგადა გადაწყვეტს ტრანსპორტირებას ამა თუ იმ მიმართულებთ. თუ ადამიანს არც მაღალი სიცხე აქვს, არც ბევრი სხვა სიმპტომი, კონტაქტი არ ჰქონია საეჭვო პირებთან და არ უმოგზაურია და მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს, მაშინ ჩვეულებისამებრ, უნდა მიმართოს პირველადი ჯანდაცვის რგოლს – ოჯახის ექიმს, პოლიკლინიკას, რომელიც დააკვალიანებს.

ჩვენ უმთავრესად ვიღებთ პაციენტებს, ვისაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი და ინფიცირებულთან კონტაქტის ან საზღვრის კვეთის ანამნეზი აქვთ. სასწრაფოს ისე არ მოჰყავს პაციენტი, თუ არ შეგვითანხმა. სასწრაფოს მოყვანილ ყველა პაციენტს ვიღებთ, ვატრიაჟებთ, ვიკვლევთ, ზოგს აქ ვმკურნალობთ, ზოგს ვამისამართებთ სხვადასხვა კლინიკაში”, – აცხადებს გაფოძე.

ოჯახის ექიმი/სასწრაფო დახმარება > კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების მიმღები კლინიკები > ლუგარის ლაბორატორია – არის ის ჯაჭვი, რომელზეც კორონავირუსზე გამოკვლევის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეში ორჯერ იკრიბება ექიმებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების კონსილიუმი, აფასებს პაციენტების მდგომარეობას, გამოარჩევს შემთხვევებს, როცა კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს კორონავირუსზე კვლევის ჩატარებას და რეკომენდაციას გადასცემს ეპიდემიოლოგიურს სამსახურს და ლუგარის ლაბორატორიას. სწორედ ეს უკანასკნელი წყვეტს, რომელ პაციენტებს ჩაუტარდება კვლევა.

“მოდის ეპიდემიოლოგი ან ლუგარის სამსახურის წარმომადგენელი, სწავლობენ იმ პაციენტების ისტორიებს, რომლებზეც რეკომენდაცია მივეცით, შედიან პაციენტებთან, ესაუბრებიან და თვითონ იღებენ გადაწყვეტლებას,  არის თუ არა გასატესტი. გუშინ, მაგალითად, 15 პაცინეტზე მივეცით რეკომენდაცია და 15-ივე შეამოწმეს. წინა დღეს 10-დან – 7. ადრე უფრო ფართო მასებზე ვითხოვდით ტესტირებას, მერე უკვე ჩვენც ვისწავლეთ და დავხელოვნდით”, – ჰყვება რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.

რას შეცვლის მარნეულელი ქალის ისტორია

პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე, მარნეულში დაფიქსირდა. ამის გამო 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტი 18 მარტს შევიდა მარნეულის ადგილობრივ კლინიკაში, სადაც პირველივე დღეს დაუდგინდა მწვავე პნევმონია, თუმცა ეპიდანამნეზში COVID-19-ით ინფიცირებულთან კავშირი არ იყო წარმოდგენილი.

კორონავირუსზე ეჭვი დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების შედეგად მიიტანეს და 22 მარტს მას უკვე ლაბორატორიულად დაუდასტურდა COVID-19. შეიძლება თუ არა, ეს მივიჩნიოთ დაგვიანებული დიაგნოსტირების მაგალითად და ახლა, როცა ეს შემთხვევაც სახეზეა და შიდა გადაცემა დაწყებულია, შეიცვლება თუ არა რამე დიაგნოსტირების სტრატეგიაში?

“ვერ გეტყვით, დაგვიანებული იყო თუ არა დიაგნოსტირება. გააჩნია, ამ ქალს რა სიმპტომები ჰქონდა მანამდე და 4 დღის შემდეგ რატომ მოხდა ტესტირება. შეიძლება, თავიდან არ იყოს გამოხატული კლინიკური ნიშნები. მე მგონია, რომ თუ პნევმონიას თან ახლავს მაღალი ცხელება, ხველება და მძიმე სიმპტომები, ალბათ, უნდა ჩატარდეს ტესტირება.

მაგრამ, როგორც ვიცი, თავიდან რომ შევიდა, არ ჰქონდა ძალიან მაღალი ცხელება და პნევმონია რენტგენოლოგიურად არ ჩანდა, როცა გამოიხატა მკვეთრად კლინიკური ნიშნები, მაშინ გატესტეს. ეს პაციენტი ჩვენთან არ წევს, მასთან არანაირი შემხებლობა არ მქონია და ჩემთვის მსჯელობა, კლინიკურად რამდენად სწორად ან შეცდომით  მოხდა გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ არაკორექტული და არაპროფესიონალური იქნება”, – ამბობს ლევან გოფოძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისი თქმით, შიდა გადაცემის დაწყებასთან ერთად, ბევრი რამ შეიცვლება სამედიცინო პროტოკოლებში. კერძოდ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)კლინიკური მართვის შესახებ სახელმწიფო სტანდარტის დაწესების შემდეგ, ასეთივე პროტოკოლი იქნება მიღებული პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის, მათ შორის, სასწრაფო დახმარებისთვის, და მათაც ზუსტად ეცოდინებათ, როდის რა უნდა გააკეთონ. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლი აძლევს მიმართულებას პაციენტებს, გოფოძის თქმით, ამ მხრივ სწორი მენეჯმენტი “ყველას გაუადვილებს არსებობას”.

კორონავირუსის დიაგნოსტირების გზები

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში. SARS-CoV-2-ზე პჯრ ტესტირება საქართველოში ხელმისაწვდომია ლუგარის ლაბორატორიაში.

პჯრ მეთოდის გარდა, კორონავირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ასევე შესაძლებელია იმუნოფერმენტული ანალიზის და/ან სწრაფი მარტივი მეთოდის გამოყენებით. ამ უკანასკნელი მეთოდების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო IgM და IgG სისხლში ან SARS-CoV-2-ის ანტიგენი ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების პირველი ნაკადი – 1 000 ტესტი – საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად 25 მარტს მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ხელშეკრულება გაფორმებულია 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი სწრაფო ტესტების კომერციალიზაციის წინააღმდეგია, აცხადებს რა, რომ არავალიდური ტესტების შეუფერხებელ გამოყენებას შეიძლება არასახარბიელო შედეგები მოჰყვეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით რეგულირების სააგენტოში რვა კომპანიას ჰქონდა შემოტანილი დოკუმენტაცია ტესტების შემოტანაზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, ოთხ ასეთ კომპანიას დართო ნება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და პჯრ ტესტებიც.

ლევან გოფოძე აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღემდე არსებულ გამოწვევებს შესანიშნავად უმკლავდება, ეპიდემიის პიკის მოახლოებასთან ერთად მასობრივი ტესტირება კი უფრო გააადვილებს პროცესის მართვას.

“გუშინ ვადევნებდი თვალს, ნიუ იორკში შუქნიშანზე გაჩერებულ ადამიანებს უღებენ პირიდან ნაცხს და ტესტს უტარებენ. ეს არის გენიალური რამ. თუ მასობრივი ტესტირების საშაულება იქნება, გადასარევია – მაშინ პროცესი უფრო ადვილი სამართავი გახდება. ამავდროულად, მასობრივი ტესტირება ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული. შედეგებს თუ შევხედავთ და თუნდაც სამეზობლოს შევადარებთ, იმ პირობებში, რა პირობებშიც საქართველოა, მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემამ მაქისმალური გააკეთა”, – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი.


27 მარტის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 11 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 427 ადამიანი იმყოფება, 257 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი