დედაქალაქის მერია ათასამდე ოჯახს მოხალისეობრივად შეგროვებულ სურსათს მიაწვდის. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, ბელიაშვილის ქუჩაძე მდებარე სპორტულ დარბაზში შეგროვებულ სურსათს მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხალისეები დაურიგებენ:
“აქ დროებით მოვაწყეთ პროდუქტების მისაღები ადგილი. გუშინ აქ, “არქისთან” გვქონდა პირველი ღონისძიება, რომლებმაც მოგვაწოდეს საკვები პროდუქტები და დავიწყეთ ადამიანებზე მიწოდება. ესენი არიან უმწეო მოხუცები, გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ და პროდუქტები სახლში მივუტანოთ.
დღეს კომპანია “ვისოლმა” გამოთქვა სურვილი და 1000-მდე ოჯახს დაფასოებული პროდუქტები დღეიდან გადაეცემა. გამგეობის თანამშრომლები, მოხალისეები, ყველა ჩართულია. ათივე რაიონში იქნება გადანაწილებული. გვაქვს სრული მონაცემები, ვისაც მართლა სჭირდება თანადგომა” ,- ამბობს კალაძე.
მისი თქმით, კომპანიების გარდა, პროდუქტები ბელიაშვილის ქუჩაზე ფიზიკურ პირებსაც მიაქვთ:
“მოხდა ეგეთი ფაქტი, მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და პროდუქტები დატოვა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ახალგაზრდას, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა”, – ამბობს კალაძე.