ახალი ამბები

„მოქალაქეები ითხოვენ კომუნალურების გადავადებას“ – ენერგოომბუდსმენი

25 მარტი, 2020 • 1150
„მოქალაქეები ითხოვენ კომუნალურების გადავადებას“ – ენერგოომბუდსმენი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადავადებას ითხოვენ – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი [ენერგოომბუდსმენი] სალომე ვარდიაშვილი ესაუბრა. იგი ამბობს, რომ მომხმარებელთა მიმართვა გაიზარდა.

„ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი უხელფასოდ დარჩა, ზოგს მატერიალური მდგომარეობა გაუუარესდა, ითხოვენ გადასახადების გადავადებას“ – გვითხრა სალომე ვარდიაშვილმა.

იგი განმარტავს, რომ არცერთი მიმართვა გადასახადის პატიებას არ ითვალისწინებდა და მომხმარებლები მხოლოდ გადავადებას ითხოვენ, თუმცა მას, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველს, ამაში მოქალაქეების დახმარება არ შეუძლია.

„კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დაწესება პოლიტიკის თემაა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღება სამთავრობო დონეზე. სხვა შემთხვევეში შუამდგომლობები, რომც მქონდეს, დარჩება თხოვნად და სხვა არანაირი რეაგირება არ მოჰყვება.

ამ ეტაპზე თქვენ იცით, რომ მთავრობამ გადადგა არაერთი შემხვედრი ნაბიჯი, ისეთი, როგორიცაა გარკვეული გადასახადების გადავადება. თუმცა, ამ დროის ინფორმაციით, ეს არანაირად არ ეხება კომუნალურ გადასახადებს და როგორც ვიცი, არც იგეგმება“ – ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

კითხვაზე, რა რეკომენდაციები აქვს მომხმარებელთა უფლებების დამცველს კერძო კომპანიებისთვის, ასევე მთავრობისთვის ქვეყანაში შექმნილი კრიზის ფონზე, სალომე ვარდიაშვილმა გვიპასუხა, რომ მას კერძო კომპანიებისთვის ჰქონდა რეკომენდაციები, რომლებიც არ ითვალისწინებდა გადასახადების გადავადებას, მან კომპანიებს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება სთხოვა, იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ შეფერხდეს მიწოდება და როგორც თავად ამბობს, ეს რეკომენდაციები კომპანიებმა გაითვალისწინეს.

„ეს არის კანონით დადგენილი წესი და კანონის შეცვლა ჩემს რეკომენდაციასაც არ შეუძლია. ეს არის პოლიტიკის საკითხი, შესაბამისად, თანხების გადავადებაზე არანაირი რეკომენდაცია არ მქონია მთავრობასთან. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამაზე შეუძლიათ იფიქრონ მუნიციპალიტეტების დონეზე, მათ შეუძლიათ გარკვეული შეღავათების გაწევა მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ – ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

ამავე თემაზე: 

მასალების გადაბეჭდვის წესი