ახალი ამბები

რუსეთში კონსტიტუციის ცვლილებების რეფერენდუმი გადაიდო | COVID-19

25 მარტი, 2020 • 747
რუსეთში კონსტიტუციის ცვლილებების რეფერენდუმი გადაიდო | COVID-19

რუსეთში 22 აპრილისთვის ჩანიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი გადაიდო. მიზეზი ახალი კორონავირუსული დაავადება — COVID-19-ია. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს.

რეფერენდუმის გადადებაზე და სხვა საკითხებზე პუტინმა დღეს, ერისთვის მიმართვისას განაცხადა. რეფერენდუმის გადადების მიზეზად მან კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა დაასახელა.

„თქვენ იცით, რამდენად სერიოზულად ვარ განწყობილი კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით ჩასატარებელ რეფერენდუმზე, მაგრამ ის უფრო გვიან უნდა ჩავატაროთ, ხოლო როდის ჩავატარებთ, გადავწყვეტთ ექიმების პროფესიონალურ აზრზე დაყრდნობით“, — განაცხადა პუტინმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებში, სხვა ყველაფერთან ერთად, გათვალისწინებული იყო ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულება — ამგვარად, პუტინს, რომელიც 2018 წელს მეორე ვადაზე აირჩიეს და მოქმედი კონსტიტუციით 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, უფლება ექნება, კენჭი კიდევ მინიმუმ ორჯერ იყაროს და თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს.


რუსეთში კორონავირუსით დაავადების 658 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 29.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: 436,159 მსოფლიოში, 73 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 111,847 მსოფლიოში, 10 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 19,648 მსოფლიოში, 0 საქართველოში

ამავე თემაზე:

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი