ახალი ამბები

“რამდენიმე პაციენტში დაფიქსირდა ყნოსვის დაკარგვის სიმპტომი” – მაია ზალდასტანიშვილი

25 მარტი, 2020 • 2196
“რამდენიმე პაციენტში დაფიქსირდა ყნოსვის დაკარგვის სიმპტომი” – მაია ზალდასტანიშვილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს ყნოსვის დაკარგვა დაუფიქსირდა.

ზალდასტანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს სიმპტომი, რომელიც მედიკოსებს პირდაპირ მიანიშნებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებაზე და მას ჩვეულებრივი გრიპოზული ნიშნები ახასიათებს. ექიმების ეჭვი, შესაძლოა თუ არა პაციენტს ეს დაავადება ჰქონდეს, მისი თქმით, გამოკითხვას ეფუძნება:

“კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვეულებრივი გრიპოზული სიმპტომი. ჩვენ ჯერჯერობით ეჭვი მიგვაქვს იმით, აქვთ თუ არა პაციენტებს მოგზაურობის ისტორია საეჭვო ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში და ხომ არ ჰქონდა შეხება ინფიცირებულ პირთან.

არ არსებობს რაიმე ისეთი სიმპტომი, რომელიც 100 %-ით მიგვანიშნებს, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსული ინფექცია. ჩვეულებრივი გრიპოზული სიმპტომებია, ეს არის სიცხე, ხველა და ზოგ შემთხევაში სუნთქვის გაძნელება. თუმცა, ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში – ყნოსვის დაკარგვა. შემდეგ ამოვიკითხეთ, რომ ესეც ყოფილა ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი კორონავირუსისთვის, მაგრამ ეს არ არის ძალიან საგანგაშო სიმპტომი და ეს არ არის, რა თქმა უნდა, 100%-იანი სიმპტომი, რომელიც ამ დაავადებაზე მიგვანიშნებს”, – ამბობს მაია ზალდასტანიშვილი “რუსთავი 2-თან”.

ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვაზე, როგორც დაავადების ერთ სიმპტომზე, ამერიკელი ექიმებიც საუბრობენ. ამეირკელი ექიმების განცხადებით, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა კორონავირუსულ დაავადებაზე — COVID-19-ზე ტესტირების მიზეზებში უნდა ჩაამატონ.

ვრცლად წაიკითხეთ:

ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვა, შესაძლოა, COVID-19-ის სიმტპომია — ექიმები

მასალების გადაბეჭდვის წესი