ახალი ამბები

ეხება თუ არა 10 პირზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიას

23 მარტი, 2020 • 2200
ეხება თუ არა 10 პირზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიას

საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

“იკრძალება საჯარო სივრცეში  ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ ის არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)”, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ამავე დადგენილებით, შეზღუდვა არ ეხება:

  • სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;
  • სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

“10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – ნათქვამია დადგენილებაში.

ბუნდოვანი რჩება, ეხება თუ არა დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები საეკლესიო რიტუალებს. შესაბამისი კითხვის პასუხად პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “10 ადამიანამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს”, თუმცა საქართველოს ეკლესიებში გრძელდება ღვთისმსახურება, რომელსაც ხშირად 10 ადამიანზე მეტი ესწრება. სასულიერი პირების ნაწილი მათ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჩანაწერი რელიგიურ ინსტიტუციებსაც გულისხმობს, თუმცა საკამათოა, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე გამოცემული რეგულაციით მთავრობას რამდენად აქვს რელიგიური თავშეყრის შეზღუდვის უფლება, ვინაიდან კონსტიტუციის მე-16 მუხლი (რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები) არ არის იმ უფლებების ჩამონათვალში, რომლის შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებია.

“რადგანაც მთავრობის დადგენილებაში გამონაკლისის სახით არ არის მითითებული, უნდა ვიგულისხმოთ, რომ 10 ადამიანზე მეტი თავშეყრის შეზღუდვა ეხება ყველა ინსტიტუციას, მიუხედავად იმისა, ის არის რელიგიური ინსტიტუცია თუ არა. მეორე საკითხია, თავად მთავრობას რამდენად აქვს კომპეტენცია, დეკრეტის საფუძველზე გამოცემული დადგენილებით შეზღუდოს მსგავსი შეკრება. დეკრეტმა კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრება-მანიფესტაციები შეზღუდა. სამწუხაროდ, დეკრეტის ავტორებს ან კომპეტენცია არ ეყოთ, ან გაზრახ დახუჭეს თვალი და ჩათვალეს, რომ 21-ე მუხლი იცავს ასევე რელიგიურ რიტუალში მონაწილე პირების თავშეყრასაც. სინამდვილეში ნებისმიერი თავშეყრა არ არის დაცული შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, არამედ იქ იგულისხმება ისეთი თავშეყრა, რომელიც  დაკავშირებულია აზრის გამოხატვასთან, ხოლო რელიგიური მრწამსის გამოხატვა კონსტიტუციის აბსოლუტურად სხვა მუხლით არის დაცული”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მშვენიერაძემ.

მას მაგალითად მას მოჰყავს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შეკრებაში და მანიფესტაციაში მონაწილეობა აკრძალული აქვს სამხედროებს ან პოლიციელებს, მაგრამ არ ეკრძალებათ წირვა-ლოცვაზე დასწრება.

მშვენიერაძის თქმით, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობით დაუშვებელია, თუმცა კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულება და მათში მონაწილეობა არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის (რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით) და “საზოოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, რომლითაც მოქალაქეებს ავალდებულებს, არ განახორციელონ ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და შეწყვიტონ საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ბევრად უფრო სწორი და სამართლიანი იქნებოდა, მთავრობას გამოეცა ცალკე აქტი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კანონმდებლობის (და არა დეკრეტის) საფუძველზე და ჩამოეთვალა ისეთი ქმედებები, მათ შორის, ერთი და იგივე ჭურჭლით ზიარება, დახურულ სივრცეში შეკრება და სხვა, რომელიც  ქმნის ვირუსის გავრცელების საფრთხეს.

დღეს გამოცემული დადგენილება კი, გიორგი მშვენიერაძის აზრით, შეიძლება კვლავ საკამათო გახდეს იმ თვალსაზრისით, დადგენილების პუნქტები უნდა გავრცელდეს თუ არა რელიგიურ დაწესებულებებზე.

გიორგი მშვენიერაძის აზრით, მთავრობას არ სურდა პირდაპირ ეთქვა, რომ რელიგიის გამოხატვას ზღუდავდა სხვათა უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით და თითქოს ნეიტრალური ფორმულირების მოგონებას შეეცადა, რაც “საკამათო იქნება და შეიძლება, კვლავ არ აღსრულდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი