ახალი ამბები

მარნეულში კარანტინში დარჩებიან ისინიც, ვინც იქ არ ცხოვრობენ – სუბარი

23 მარტი, 2020 • 589
მარნეულში კარანტინში დარჩებიან ისინიც, ვინც იქ არ ცხოვრობენ – სუბარი

პრემიერის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, მარნეულში საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე დარჩებიან ის პირებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ და იქ არ ცხოვრობენ. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ ადამიანებისთვის რამდენიმე სასტუმროა მომზადებული და საჭიროების შემთხვევაში მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

“ყველა მათგანი ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში დარჩება, მათ არსად არ გადავიყვანთ. ამისთვის კონტრაქტი გაფორმებულია რამდენიმე სასტუმროსთან და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმროსთან გავაფორმებთ. ისინი აქ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან”, – ამბობს სუბარი.


23 მარტის 10:30 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება. გარდა ამისა, უცნობია ამ მოქალაქის დაინფიცირების წყარო.

მასალების გადაბეჭდვის წესი