ახალი ამბები

დეპუტატი ერქვანია: გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს?!

21 მარტი, 2020 • 2123
დეპუტატი ერქვანია: გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს?!

საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ერქვანია დეპუტატებს მოუწოდებს იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი ადამიანებს წირვა-ლოცვაზე დასწრებას შეუზღუდავს, მხარი არ დაუჭირონ:

“დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადმიანებს და ამით შეეზღუდოთ წირვა-ლოცვებზე დასწრება. ეს არის წარმოუდგენელი. მითუმეტეს, ამ განსაცდელის დროს ადამიანებს აუკრძალო წირვა-ლოცვაზე დასწრება, ტაძრებში სიარული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამოკეტოთ სახლში. ეს არის დაუშვებელი.

რას ეუბნებით ადამიანებს, რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ?! თუ რა ხდება, ვერ გავიგე?! გახარია საპონი და ატისეპტიკი გადაგვარჩენს?! წარმოუდგენელია ამის გაკეთება. თუ ეს ხელისუფლების პასუხია გუშინ წმინდა სინოდის მიღებულ გადაწყვეიტლებაზე, არ შეიძლება ამის გაკეთება, ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ადამიანების ლოცვას შეისმენს უფალი. დაფიქრდით და თუ ეს შეეხება ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრების შეზღუდვას, არ დაუჭიროთ მხარი”, – ამბობს დეპუტატი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება.

გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც მან განაცხადა: „საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.

წინა დღეს, 20 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მრავალსაათიანი კრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება ჩერდება და არც ზიარების წესი იცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი