ახალი ამბები

თბილისის მერია სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

27 აგვისტო, 2015 • 1223
თბილისის მერია სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

თბილისის მერიის ცნობით, ქუმსიშვილმა და ღოღბერიძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს კანონპროექტი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“. მერიის ინფორმაციით, კანონპროექტი სამშენებლო ნებართვების მიმართულებით ცვლილებებს ითვალისწინებს.

 

ნინო ღოღობერიძის განცხადებით, კანონპროექტი ორი თვის განმავლობაში მუშავდებოდა, ამ ეტაპზე მას სფეროს სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ და დოკუმენტის საბოლოო ვერსია საკრებულოს დასამტკიცებლად სექტემბერში გადაეგზავნება.

 

“სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით ვგეგმავთ გარკვეული სახის ცვლილებებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს და არქიტექტორებს გავაცანით, რადგან გვაინტერესებს მათი მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშრებით. მათ ცვლილებებთან დაკავშრებით სრული მასალა გადაეგზავნებათ. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ წინადადებებს და დასაბუთებულ შენიშვნებს. სექტემბერში კი კანონპროექტი საკრებულოს გაადაეგზავნება,” – განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურის ახალ სერვისთან დაკავშირებით.

 

“მათ გავაცანით, რომ უკვე მოქმედებს განსაკუთრებული მომსახურების სერვისი, რომელიც მასშტაბური ობიექტების მომსახურებას გულისხმობს. ეს სერვისი უკვე ამოქმედებულია და ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია მიიღოს აღნიშნული მომსახურება. განსაკუთრებული მომსახურების სერვისი, ეს არის არქიტექტურის სამსახურთან მიბმული სერვისი, რომლის მიხედვითაც არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი შეისწავლის პროექტს და ნებისმიერ დახმარებას გაუწევს მშენებელს მისი კომპეტენციის ფარგლებში,” – განაცხადა ღოღობერიძემ.  

 

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი საჯაროდ განიხილება სფეროს სპეციალისტებთან ერთად.

 

“მომწონს ის დამოკიდებულება, რაც დღეს მერიაშია. ეს არის გახსნილი მსჯელობა. დეველოპერები ფაქტის წინაშე კი არ დგებიან, არამედ ერთად ვიხილავთ ამ საკითხებს. მიდის ჯანსაღი კამათი, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს მივიღებთ,” – განაცხადა როსტომაშვილმა.

 

თბილისის მერიაში სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერიაში სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი