ახალი ამბები

კორონავირუსი: WISG ხელისუფლებისგან მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას ითხოვს

20 მარტი, 2020 • 1927
კორონავირუსი: WISG ხელისუფლებისგან მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას ითხოვს

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებლა გაითვალისწინოს იმ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების საკითხი, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან, ერთი მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების, მეორე მხრივ კი, ოჯახისგან მხარდაჭერის არარსებობის გამო.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსთან ბრძოლის ძირითადი მეთოდი – სახლში დარჩენის სტრატეგია – დღეს განსაკუთრებით ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობას, რომელიც არსებულ პოლიტეკონომიურ სისტემაში დიდი ხანია იწვევს საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩაგვრას და მარგინალიზებას.

“ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა ყველაზე მწვავედ აისახება მათზე, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციაში ან დისტანციურად მუშაობის “ფუფუნება”, მარტოხელა და მიუსაფარი მოხუცები, უსახლკარო ადამიანები, დევნილები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და სხვა.

მათ შორის არიან ტრანსგენდერი ადამიანები, რომელთაც სახელმწიფო დღემდე უარს ეუბნება გენდერის სამართლებრივი აღიარების რეგულირებაზე, რაც უბრალო იურიდიული ფორმალობა კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის, დასაქმების და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებზე ხელმისაწვდომობისთვის”, – აცხადებს WISG.

ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად ეძებენ არაოფიციალური დასაქმების გზებს და გამოუვალი მდგომარეობის გამო უწევთ დათანხმდნენ საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. სოციალური ცხოვრების ყველა დონეზე ფინანსური და მორალური მხარდაჭერის არარსებობის გამო ბევრი მათგანი იძულებულია სექს-სამუშაოშიც კი ჩაერთოს. როგორც WISG აცხადებს, დღემდე სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით პოლიტიკის შესაცვლელად. მეტიც, დღეს ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საკითხზე საკუთარი მოქალაქეების მოპასუხეა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს მიმდინარე დღეებში ამ მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად დაწყებულ ერთჯერად საქველმოქმედო აქციაზე და აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო გლობალური მიდგომა და სტრატეგიის შემუშავება სახელმწიფოს მხრიდან, რათა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა.

19 მარტს, მთავრობისა და პარლამენტის საგანგებო სხდომის შემდეგ, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მთავრობა აპირებს შეიმუშაოს სოციალური დისტანცირების რეჟიმის პირობებში სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების სპეციალური გეგმა.

აქედან გამომდინარე, კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაში, WISG მოუწოდებს ხელისუფლებას, საპარლამენტო პარტიებს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს:

  • ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ანტიკრიზისული გეგმის შედგენისას გაითვალისწინოს ყველა სოციალური ჯგუფი, რომელსაც დღეს განსაკუთრებით მწვავედ უდგას უსახლკარობასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები;
  • გაიაზროს ქვეყანაში ხანგრძლივი სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე გახშირებული ოჯახში ძალადობის და ფემიციდის შემთხვევები და, შესაბამისად, დასახოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დახმარების საგანგებო ზომები, სოციალური დისტანცირების და იზოლაციის პირობებში ძალადობის შემთხვევათა მომეტებული საფრთხის გამო;
  • სექს-სამუშაოში ჩართული ქალები, მათ შორის, ტრანსგენდერი ქალები, შეიყვანოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფში და დაეხმაროს საჭიროებების შესაბამისად, რადგან, პირველ რიგში, მათ უმრავლესობას არ აქვს მორალური და ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი ოჯახებისგან. ამასთან, ბევრი მათგანი ცხოვრობს ქირით, რომლის გადახდასა და სხვა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას სოციალური დისტანცირების პირობებში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ.
  • ყველა სხვა უსახლკარო მოქალაქესთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოს ისინიც, ვინც სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ძალადობის საფრთხის ქვეშაა და/ან არ აქვს ხელმისაწვდომობა ადეკვატურ საცხოვრებელსა და ჯანდაცვის სერვისებზე, არ არის დასაქმებული, ან ჩართულია სექს-სამუშაოში, რაც მოცემულ პირობებში, არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ ჯანმრთელობის სხვა მრავალ რისკთანაა დაკავშირებული.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” აგრძელებს თემის წევრთა საჭიროებების მოკვლევას და მზადაა, კორონავირუსთან (COVID – 19) დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების დახმარების სახელმწიფო ანტიკრიზისური გეგმის შედგენისას ორგანიზაციული რესურსებით ჩაერთოს ლგბტქი ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირებაში.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 44 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, 2 ათასამდე პირი კარანტინშია, 200-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი