ახალი ამბები

რუსეთი და კორონავირუსის სტატისტიკა

20 მარტი, 2020 • 2861
რუსეთი და კორონავირუსის სტატისტიკა

რუსეთმა 19 მარტს გარდაცვლილი 79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, არ შეიყვანა ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელიც ამ ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას აღწერს. შესაბამისად, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ოფიციალურად ნულია.

DW-ს ცნობით, რუსეთის შესაბამის ოპერატიულ შტაბში მანამდე ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პნევმონიით გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცრებული და რომელსაც, ამავდროულად, არაერთი ქრონიკული დაავადება აწუხებდა, მათ შორის -გულის. ამჟამად, DW-ის მიხედვით, ამავე შტაბში აცხადებენ, რომ პაციენტის გარდაცვალების რეალური მიზეზი თრომბია.

მოსკოვში პნევმონიის (ფილტვების ანთება) გაზრდილმა შემთხვევებმა შიშები გამოიწვია კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

როგორც „როიტერსი“ წერს, იანვარში  პნევმონიის (COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება, გართულების დროს) შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა, ხოლო ოფიციალური უწყებები ერთმანეთის მიერ გაკეთბული განცხადებების ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ.

რუსეთის მოსახლეობა 140 მილიონ ადამიანს აღემატება, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, (19 მარტის მდგომარეობით) რუსეთში კორონავირუსის მხოლოდ 199 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან ერთად, მოსკოვში, რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქში, ფიქსირდება პნევმონიის შეთხვევების მნიშვნელოვანი მატება — „როსსტატის“ (რუსეთის სტატისტიკური სამსახური) წინა წლის იანვართან შედარებით შემთხვევების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა (5058 შემთხვევა წინა წლის იანვარში, 6921 — ახლა).

ამავე დროს, მოსკოვის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პნევმონიის შემთხვევები იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 და 7 პროცენტით შემცირდა. როგორც „როიტერსი“ წერს, უწყებაში არ უპასუხეს კითხვას, თუ რატომ არ ემთხვევა ერთმანეთს მათი და „როსსტატის“ მონაცემები. „როსსტატში“ კი, გამოცემის ცნობით, აცხადებენ რომ არ იციან, თუ საიდან მიიღო მოსკოვის ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ციფრები ან როგორ შეძლო მათი მიღება.

რუსეთის ექიმთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, ანასტასია ვასილიევას განცხადებით, ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტატისტიკა ზუსტია, ხოლო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში სპეციალურად ავრცელებენ ყალბ ამბებს პანიკის შესაქმნელად.

“იდეა, რომ ეს პნევმონია კორონავირუსია, თავში მოდის”. “როგორც ჩანს, პნევმონიის ზრდის სხვა მიზეზი არ შეიძლება იყოს”.

ანასტასია ვასილიევას არ ეთანხმება პროფესორი ვლადიმერ ნიკიფოროვი, რუსეთში ცნობილი სპეციალისტი ინფექციური დაავადებების სფეროში. მისი თქმით, „ამ ყველაფრის ახსნა არსებობს“.

„ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექიმების დახმარების მიღება უნდათ, გაიზარდა მოსახლეობაში შფოთვის ზრდის გამო“, — აღნიშნავს იგი, მიზეზად კი კორონავირუსის გამო ხალხის წუხილს ასახელებს. მისი თქმით, პნევმონიის გაზრდილი შემთხვევები მიმართვიანობის ზრდას უკავშირდება.

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებს, „როიტერსის“ თქმით, არ ეთანხმებიან ზოგიერთი მოქალაქეები — ისინი 1986 წელს მომხდარ ჩერნობილის ბირთვული სადგურის ტრაგედიას იხსენებენ: „არ მჯერა კორონავირუსის ციფრების. მახსოვს, ჩერნობილზე რას გვეუბნებოდნენ. მხოლოდ ახლა აღმოვაჩინეთ, რეალურად რა მოხდა“, — აცხადებს მოსკოველი ბუღალტერი ეკატერინა.


მსოფლიოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 246,275 შემთხვევაზეა ცნობილი. გარდაიცვალა 10,038 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 86,036.

საქართველოში დაფიქსირდა 43 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი