ახალი ამბები

კათოლიკე ეკლესია მთავრობას წეროვანში მათი შენობის კარანტინისთვის გამოყენებას სთავაზობს

20 მარტი, 2020 • 2361
კათოლიკე ეკლესია მთავრობას წეროვანში მათი შენობის კარანტინისთვის გამოყენებას სთავაზობს

საქართველოს კათოლიკე ეკლესია მთავრობას, საჭიროების შემთხვევაში, წეროვანში მდებარე “შეხვედრების სახლის” საკარანტინე სივრცედ გამოყენებას სთავაზობს. როგორც ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს განცხადებაში ვკითხულობთ, შენობაში არის 23 ოთახი სველი წერიტილით, შეხვედრების დარბაზი, სამზარეულო და სასადილო დარბაზი:

“ეს სახლი შეიძლება გამოყენებულ იქნას კარანტინის პერიოდისათვის, თუკი ხელისუფლება მიიჩნევს ამის საჭიროებას. ამ სახლს აქვს ეზო მცირე პარკით; შენობაში არის 23 ოთახი სველი წერიტილით, შეხვედრების დარბაზი, სამზარეულო და სასადილო დარბაზი. რაოდენ შეზღუდულიც არ უნდა იყოს ეს სახლი, თუკი მიიჩნევთ, რომ გამოდგება საამისოდ, დღეიდანვე თქვენს განკარგულებაში იგულეთ ის.

საამისოდ დანიშნულ პირებთან პირადი შეხვედრით შესაძლებელი იქნება დავადგინოთ და გავარკვიოთ შეთანხმების წვრილმანები. რაც ჩვენი შეძლების ფარგლებშია, სიხარულითა და პასუხისმგებლობის შეგნებით გვსურს გავაკეთოთ” ,- წერია განცხადებაში.

როგორც საქართველოს კათოლიკე ეკლესიის განცხადებაში ვკითხულობთ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია იზიარებს ქვეყნის მთელი მოსახლეობის შეშფოთებას, რაც ზოგჯერ შიშშიც გადაიზრდება ხოლმე. ამავე დროს აღიარებს, რომ დღეს კორონავირუსი მოითხოვს ყველასაგან სერიოზულ მიდგომას და დიდ ყურადღებას:

“უპირველეს ყოვლისა გვახსენდება ის ხალხი, ვისაც შეეყარა ეს ვირუსი და ისინი, ვინც დიდი სულგრძელობით ირჯებიან მათ მოვლაში, ასევე ისინიც, ვინც სერიოზულობითა და კომპეტენტურობით იღვწიან სენის გავრცელების შესაჩერებლად. არა გვსურს ხელი შევუწყოთ განგაშს, რაც შესაძლოა მომდინარეობდეს არასწორი ინფორმაციებიდან, თუმცა, ვიცით რა, რაოდენ დამძიმდა ეს პრობლემა მრავალ სხვა ქვეყანაში, გვინდა ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ საერთო სიკეთეში”, – წერია განცხადებაში.

კათოლიკე ეკლესია საქართველოში ზიარების წესს ცვლის

მასალების გადაბეჭდვის წესი