ახალი ამბები | ,

კათოლიკე ეკლესია საქართველოში ზიარების წესს ცვლის

17 მარტი, 2020 | | 1511
კათოლიკე ეკლესია საქართველოში ზიარების წესს ცვლის

კათოლიკური ეკლესია ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველოში ზიარების წესს ცვლის.

ინფორმაციას ამის შესახებ ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო ავრცელებს. ჯუზეპე პაზოტომ გამოსცა დეკრეტი, სადაც დეტალურად არის განმარტებული ის რეკომენდაციები, რომელსაც კათოლიკური ეკლესია საკუთარ მრევლს აძლევს:

  • ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ ასევე ნაკურთხი წყალი სასმელად;
  • მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;
  • წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მოძღვრებმა აუხსნან მორწმუნეებს, თუ როგორ ხდება ამ ფორმით ზიარება (იხ. დანართი).
  • თანამწირველების შემთხვევაში ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად.
  • თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ. მომავალი კვირადღიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტში პირდაპირი ჩართვით წმ. წირვის ნახვა.
  • ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა.
  • ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინედ დაიბანონ ხელები.
  • ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ.: მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში) მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის.

ჯუზეპე პაზატოს განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის მზარდი გავრცელება მოითხოვს სერიოზულ მიდგომებსა და დიდ ყურადღებას.

17 მარტის შუადღის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი