ახალი ამბები

სავაჭრო ობიექტები იხურება

19 მარტი, 2020 • 1994
სავაჭრო ობიექტები იხურება

კორონავირუსთან დაკავშირებით იხურება სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა.

ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

“ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შიდა გადაცემა შევაფერხოთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საგანგებო მდგომაროების გამოცხადებას, პრემიერის თქმით, დღეის მდგომარეობით ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით გადაწყვეტილია, რომ როგორც კი აუცილებლობა დადგება, შესაძლებელი იქნება ამ გადაწყვეტილების რამდენიმე საათში მიღება და აღსრულება.

“ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ – როგორც კი აუცილებლობა დადგება და როგორც კი ჩვენი მედიკოსები გვეტყვიან, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნისთვის ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი