ახალი ამბები

მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინების გაგზავნაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

19 მარტი, 2020 • 827
მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინების გაგზავნაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინის გაგზავნაზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სასახურმა საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2020 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ  მოქალაქეებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა, პირთა ჯგუფმა, “მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ:

“აღნიშნული ქმედებით ისინი შეეცადნენ, მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოებსი სამსახურში.

სუს-ის თქმით, ცრუ შეტყობინებების გავრცელებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო გამოძიება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ შეტყობინებები გაიგზავნა კომპანიების, „SMS OFFICE“-ის და ,,ემ ეს ჯგუფი”-ის სერვისების მეშვეობით, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მათთან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიებას საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.

მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი