ახალი ამბები

UK-ში COVID-19-ის პოტენციური წამლის ტესტირება დაიწყეს

19 მარტი, 2020 • 1267
UK-ში COVID-19-ის პოტენციური წამლის ტესტირება დაიწყეს

ბრიტანული ბიოტექნოლოგიური კომპანია „Synairgen“ COVID-19-ით დაავადებულების სამკურნალოდ თავის ექსპერიმენტულ ფილტვის პრეპარატს გამოიყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პრეპარატის ექსპერიმენტული გამოყენებისთვის კომპანიამ უკვე მიიღო სახელმწიფო რეგულატორების ნებართვა.

თავდაპირველად წამალი, რომელსაც SNG001-ს უწოდებენ, ფილტვების სხვა დაავადებისთვის მუშავდებოდა, მაგრამ მისი COVID-19-ით დაავადებულებზე შემოწმების მიზნით კომპანიამ წინა ცდები შეაჩერა.

პრეპარატის მიზანია, ბიძგი მისცეს პაციენტის იმუნურ სისტემას და ვირუსის დამარცხებაში დაეხმაროს. პრეპარატი შეიცავს ინტერფერონ ბეტას — ნატურალურად წარმოქმნად პროტეინს, რომელიც სხეულის ანტივირუსული ქმედებების ორგანიზებითაა დაკავებული.

წინა თვეს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ COVID-19-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას განაცხადა, რომ SNG001 იყო ერთ-ერთი იმ ორი წამლიდან, რომლის მიღებაც პაციენტებს თავად, პროფესიონალების დახმარების გარეშეც შეეძლოთ.

„გარდიანის“ ცნობით, ცდები შემდეგ კვირას დაიწყება და პაციენტების ნახევარი ნამდვილ პრეპარატს, ხოლო ნახევარი პლაცებოს მიიღებს.

ტომ უილკინსონი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის რესპირატორული მედიცინის პროფესორი და სამუშაო ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ თუ ტესტირებამ კარგად ჩაიარა, პრეპარატი წლის ბოლომდე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.


მსოფლიოში (ჩინეთის ჩათვლით) შემთხვევების რიცხვი 218 815-ია, გარდაცვალებები — თითქმის 9 000, გამოჯანმრთელების შემთხვევები — 80 000-ზე მეტი.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი განიკურნა.

იხილეთ აგრეთვე:

მეცნიერები აღწერენ, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა COVID-19-ს

ოქსფორდი: შევქმენით COVID-19-ის ტესტი, რომელიც შედეგს 30 წუთში დებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი