ახალი ამბები

ADB-მ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $ 6.5 მილიარდი გამოყო

18 მარტი, 2020 • 761
ADB-მ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $ 6.5 მილიარდი გამოყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კორონავისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და წევრი ქვეყნების დასახმარებლად 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ADB-ის პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას განცხადებით, გამოყოფილი თანხა მოხმარდება ბანკის წევრი განვითარებადი ქვეყნების “გადაუდებელ საჭიროებებს”.

„ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები”,-განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასაკავამ ასევე განაცხადა, რომ $6.5- მილიარდიანი პაკეტის გარდა, ADB მზადაა, საჭიროების მიხედვით დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს თავის წევრებს.

გამოყოფილი ძირითადი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 3.6 მილიარდ აშშ დოლარს სუვერენული (სახელმწიფო) ოპერაციებისთვის პანდემიის წინააღმდეგ რიგი საპასუხო ქმედებების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სისტემაში და ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. ADB-ის ცნობითვე, 1.6 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება კერძო სექტორის ოპერაციებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, შიდა და რეგიონული ვაჭრობის დაფინანსებას და ასევე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიებისთვის, რომელთაც პირდაპირი ზარალი მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი