მამუკა ხაზარაძე, „ლელოს“ ლიდერი, აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან — Covid-19-თან საბრძოლველად მისი ოჯახი 100 000 ლარს გაიღებს, მიუხედავად იმისა, რომ „მოგონილი ბრალდებების გამო ანგარიშები დაყადაღებული აქვს“.
ხაზარაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ექიმებისგან სამოქალაქო გმირობის მაგალითებს, ასევე, სამოქალაქო თვითორგანიზებას, რომელიც მისაბაძი და მხარდასაჭერია“.
მან ყურადღება გაამახვილა პროექტბზე, „დავეხმაროთ მოხუცებს“, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმული ადამიანების დახმარებას, და პლატფორმა „ერთიანობა“.
ხაზარაძემ „ყოფილ ბიზნესპარტნიორებს და მეგობრებს“ მოუწოდა: „გავერთიანდეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
“მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე დაყადაღებული მაქვს პირადი ანგარიშები, – ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ! – ერთობით ჩვენ ამ განსაცდელზე გავიმარჯვებთ!’’ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ”.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.
საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1 261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.