ცხინვალის ცნობით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 18 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მათ შორის 6- სტაციონარში, დანარჩენები კი – საკუთარ სახლებში.
ოსური მედიის ინფორმაციით, ყველა ეს მოქალაქე იმ ქვეყნებიდან დაბრუნდა, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.
ექიმის, მარინა კოჩიევას განცხადებით, იმ ექვს ადამიანს, ვინც სტაციონარშია მოთავსებული, კორონავირუსის სიმპტომები აქვს. მისივე თქმით, დაკვირვება ხდება ასევე ამ 18 ადამიანის კონტაქტებზე.
ცხინვალის ცნობით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალეს ყველა ქვეყნის მოქალაქეს, რუსეთის მოქალაქეების გარდა. ასევე, პრევენციის მიზნით, ხალხმრავალი ღონისძიებები შეზღუდეს და კარანტინი გამოაცხადეს სასწავლო დაწესებულებებში.
ოსური მედიის ცნობით, ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტია. ამასთან, უცნობია, ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, რამდენად მზად არიან ადგილობრივი ექიმები პროცესის სამართავად, მათ შორის, ტექნიკური თვალსაზრისით.
კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში, ქართულმა მხარემ ცხინვალსა და სოხუმს დახმარება უკვე შესთავაზა.
“არ ვაპირებთ ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო იყენებს ყველა საკომუნიკაციო არხს, რათა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ თავის დასაცავად.
“ასევე, სახელმწიფო მზად არის, დაეხმაროს მოსახლეობას დიაგნოსტიკისა და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით”.