ახალი ამბები

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის შენახვისთვის პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

18 მარტი, 2020 • 997
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის შენახვისთვის პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ 2019 წლის 10 ივლისს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თბილისში, გიორგი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში მყოფ გ.ძ.-ს, გ.ბ.-ს და დ.დ.-ს მიმართულებით საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა. მ.ჯ.-ს ქმედების შედეგად სამივე პირმა სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიიღო”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მ.ჯ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 16 კალიბრის ე.წ. გადაჭრილი თოფი, რომელსაც 2019 წლის 10 ივლისს თბილისში, წყნეთში, ე.წ. სამთავრობო აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

მ.ჯ-ს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნტქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი