ახალი ამბები

ყაჩაღობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა

16 მარტი, 2020 • 955
ყაჩაღობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად მიუსაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 10 ოქტომბერს ქ. თბილისში შ.გ. და ი.ი. ყაჩაღურად თავს დაესხნენ ს.ჰ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, ზეწრით შეუკრეს ხელები და ფეხები, დამჭერებით დაუბეს თითები, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის მარცხენა და მარჯვენა არეში, ბეჭისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა სახლიდან გაიტაცეს 6.632 ლარი, 300 ლარის ღირებულების კაზინოს მონეტები, ,,აიფონ 6’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ასუსის’’ ფირმის ლეპტოპი, ჩანთა, 3000 ლარად ღირებული საათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ცნობით, შ.გ.-ს და ი.ი.-ს 2018 წლის 15 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’, მე-2-ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის ,,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით).

პროკურატურაში აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. და ი.ი. დაუსწრებლად, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მიმდინარეობს მათი ძებნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი