ახალი ამბები

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების ნაწილი მუშაობას გააგრძელებს

18 მარტი, 2020 • 1121
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების ნაწილი მუშაობას გააგრძელებს

რუსთავი-თბილისის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” რუსთავის მერიამ მიაწოდა.

მერიის მიერ მოწოდებული განცხადების მიხედვით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი თერთმეტი ლოტიდან ხაზზე დარჩება მხოლოდ ექვსი მიმართულება, კერძოდ:

  • თოდრიის ქუჩიდან დიდუბისკენ;
  • რკინიგზის სადგურიდან დიდუბისკენ;
  • ძველი ბაზრიდან თბილისის რკინიგზის სადგურუსკენ;
  • მე-12 მიკრორაიონიდან ასევე რკინიგზის სადგურისკენ;
  • გმირთა მემორიალიდან ვარკეთილისკენ;
  • ფიროსმანის ქუჩიდან სპორტის სასახლისკენ.

აღნიშნული მიკროავტობუსები მგზავრებს ასევე ჩვეულებრივ გადაიყვანენ თბილისიდან რუსთავის მიმართულებით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სწორად აღიქვას არსებული მდგომარეობა. ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ დღეებში პრევენციის მიზნით ვრცელდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე შეზღუდვები წესდება და ეს არის აუცილებლობით გამოწვეული და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სამარშრუტო ტაქსების გადაადგილებაზე შეზღუდვა საქართველოს მასშტაბით დღეიდან, 18 მარტიდან დაწესდა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, 17 მარტს განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების პრევენციას უკავშირდება.

რაც შეეხება კორონავირუსს, 18 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 1 130 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი