ნეტგაზეთი | ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა – Netgazeti

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა

განხილვის გადადების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას.

82 ხმით არცერთის წინააღმდეგ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით აირჩიეს.

დღესვე გაიმართა ნინო ქადაგიძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელსაც საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის რეჟიმის გამო “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები არ დასწრებიან. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა განხილვის გადადება მოითხოვეს.

ეკა ბესელიას თქმით, “არ შეიძლება რეგლამენტი დაარღვიო და  ნაჩქარევად განიხილო” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ლევან გოგიჩაიშვილმა კი ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა, რათა ნინო ქადაგიძის კანდიდატურა “გაეპარებინა”.

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ნინო ქადაგიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2013-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2002-2012  წლებში კი – უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე. 1994-2000  წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ მომზადებული პორტფოლიო ნინო ქადაგიძის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.