საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა.
კომისიის შექმნას 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არცერთის წინააღმდეგ. კომისია ცხრა წევრისგან დაკომპლექტდა:
- არჩილ თალაკვაძე – კომისიის თავმჯდომარე, “ქართული ოცნება”;
- მამუკა მდინარაძე – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “ქართული ოცნება”;
- ირმა ინაშვილი – ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები”;
- სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველო”;
- მარიამ ჯაში – “დამოუკიდებელი დეპუტატები”;
- ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნება”;
- თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
- თენგიზ შარმაშანაშვლი – პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი;
- თორნიკე ჭეიშვილი – კომისიის მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კომისიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლების შეყვანა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველსაყოფად მოხდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 1 თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარება ძირითადად ონლაინ რეჟიმში იგეგმება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო აჩრევნების შედეგად პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.