უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ იმ გარემოებებზე, რის გამოც მოსამართლეს ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ უნდა მიეჩნია.
ის მტკიცებულებები, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ საბი ბერიანის მკვლელობა იყო განზრახ მკვლელობა და რაც გამოვლინდა გამოძიების მიმდინარეობისას, არის ის, რომ ლევან კოჭლაშვილი ბიანკა შიგუროვას თავს დაესხა, ის, რომ საბის ბინაში ასვლამდე იყიდა დანა, რასაც თავადაც ადასტურებს.
საბის სხეულზე ჭრილობების განლაგება მიუთითებს იმას, რომ დანა სწორედ კოჭლაშვილს ეჭირა. გამოძიების პროცესში აღმოჩნდა, რომ ლევან კოჭლაშვილს ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი და ფული სჭირდებოდა, გამოძიების პროცესში არ დადასტურებულა, რომ საბის ჰქონდა მისი ვალი. თუმცა საბის ჰქონდა თავისი თანხა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო კოჭლაშვილის დაინტერესება. ხოლო საბი ბერიანს არ ჰქონდა კოჭლაშვილზე თავდასხმის მოტივი.
ლევან კოჭლაშვილმა ცეცხლი წაუკიდა საბის ბინას. ცეცხლის წაკიდებზე ეს კაცი ამბოდა, რომ სიგარეტის ნამწვი დამივარდაო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თავად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტიზა ადასტურებენ, რომ ცეცხლის კერა იყო ორი. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის განზრახ მკვლელობის ნაწილში და მოსამართლემ არ გამოიტანა ადეკვატური განაჩენი.
რატომ, პროკურატურა არ იყო დაინტერესებული?
გამოძიების დროს გამოვლენილი გარემოებები პროკურატურამ გამოიყენა საქმის მსვლელობისას. პროკურატურის ვალია დაამტკიცოს, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმას ცდილობს. რაც პროკურატურას ხელს არ აძლევს.
გარდა იმისა, რომ ეს დანაშაული მიგვაჩნია განზრახ მკვლელობად, მიგვაჩნია, რომ ტრანსფობიური მოტივიც არის, რაზეც მიუთითებს ჩვენი აზრით ორი ფაქტორი: თავდასხმა ბიანკა შიგუროვაზეც და საბი ბერიანის მკვლელობისას გამოვლენილი სისასტიკე.
თუ მოგვარდა საბი ბერიანის დედასა და თქვენ შორის არსებული გაუგებრობა?
თამარ ძამუკაშვილსა და ჩვენს შორის თანამშრომლობა არც არასოდეს შეწყვეტილა. კონტრაქტი რაც გვაქვს, ძალაშია და ჩვენ ისევ წარმოვადგენთ მის ინტერესებს. საბი ბერიანის დედის ემოციური მდგომარეობა გაამძაფრა იმ გამამართლებელმა განაჩენმა ლევან კოჭლაშვილის მიმართ განზრახ მკვლელობის ნაწილში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საკმაოდ სპეციფიკური სფეროა და ბევრი ადამიანი ვერ ერკვევა ამ ნიუანსებში. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი ცდილობს მიიღოს დახმარება ყველა წყაროდან. ის იურიდიული ნიუანსები, რომლის შესახებაც შესაძლოა ისაუბრა “იდენტობასთან” (მე არ მაქვს მოსმენილი ჩანაწერი), არ მოხდა ამ ნიუანსების გადამოწმება გამოქვეყნებამდე. ჩვენ გვაქვს ჩვენი იურისტის ციალა რატიანის ორდერი, რომელიც თამარ ძამუკაშვილის წარმომადგენელია. მთელი ფაქტობრივი მასალა გვაქვს ჩვენ, რომელიც ამტკიცებს, რომ საქმე სულაც არ იყო ისე, როგორც ეს “17-მა მაისმა” წარმოაჩინა.
იყო საუბრები, რომ პასუხი უნდა მოსთხოვოთ “იდენტობას” და ირაკლი ვაჭარაძეს იმ ბრალდებების გამო, რაც გამოთქვა თვენ მიმართ?
ეს ბრალდებები ეხება ციალა რატიანის საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს, რასთან დაკავშირებითაც ციალა რატიანი აპირებს, რომ სასმაართლოში პასუხი მოითხოვოს, თუ იდენტობა არ მოიხდის საჯარო ბოდიშს.
საბი ბერიანის საქმის აპელაციას რაც შეეხება, როგორ წარიმართება ეს პროცესი?
საქართველოს კანონმდებლობით არც დაზარალებულს და არც მის კანონმონაცვლეს არ აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამას აკეთებს პროკურორი და ამასთან ერთად არ არის ვალდებული, რომ ეს გააკეთოს. ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურორი აპირებს გაასაჩივროს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთნენ სხვა ორგანიზაციები: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, კავშირი “საფარი”, “ლბგტ საქართველო”, “სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე”, “ქალთა ფონდი საქართველოში”.
მივმართეთ საქართველოს სახალხო დამცველს, რომ გამოყოს “სასამართლოს მეგობარი”, საქმის აპელაცია როცა მოხდება.
გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ ორი პეტიცია, ქართულ და ინგლისურენოვანი, ესეც იმის მაჩვენებლად, რომ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჩავრთეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის “ტრანსგენდერი ევროპა”. ისინიც შესაბამის წერილს გააგზავნიან საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე. ყველა მხრიდან, საიდანაც შეგვიძლია, ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ ინტერესი მაღალია და გვსურს, რომ ეს საქმე წინ წავიდეს.
სასამართლოს გადაწყვეტილება- როგორც საქალაქოსი, ისე სააპლეაციოსი- მოახდენს გავლენას განსაკუთრებით ტრანსგენდერი, ასევე, გეი, ბი და ლესბოსელი ადამიანების მდგომარეობაზე?
აქ ერთი ნიუანსია, რომ ზოგადად ეს საქმე დამამძიმებელი გარემოების მიხედვით არ წასულა. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ბიანკა შიგუროვას დაესხა თავს, მოკლა საბი, არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ მის მიმართ დამამძიმებელი გარემოება გამოეყენებინათ. თუმცა, თუ აპელაციის პროცესში სცნობენ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ, ეს საგრძნობლად შეამცირებს უდანაშაულობის სინდრომს, რომელიც გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საქმე ეხება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობას.
საბი ბერიანის განზრახ მკვლელობაში კოჭლაშვილი არ მიიჩნიეს დამნაშვედ, ხომ არ არის მოსამართლეების არასენსიტიურობის ბრალი?
ასე პირდაპირ თითს ვერ დავადებ იმიტომ, რომ პროცესის განმავლობაში ტრანსფობიური დამოკიდებულება არც მოსამართლისა და არც პროკურორის მხრიდან არ ყოფილა. საკმაოდ ადეკვატური მიდგომა იყო, თუნდაც ენის დონეზე. მაგრამ აქვე არსებობს საერთაშორისოდ ცნობილი ტენდენცია, რომ მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში რეაგირება არ არის ხოლმე სათანადო. მართლაც, ცოტა საკამათო საკითხია, რა განაჩენი დადგებოდა მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო ქალი და თანაც ტრანსგენდერი.
ის ფაქტი, რომ საბი ბერიანის საქმეში დამამძიმებელი გარემოება არ გაითვალისწინეს, ის ფაქტი, რომ ეს დამამძიმებელი გარემოება არ ფიგურირებს არც 17 მაისის საქმეში, სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც 2013 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს, გვაგრძნობინებს, რომ იმ საკანონმდებლო ნორმების გამოყენება, რაც უნდა იცავდეს ლგბტ ადამაინებს, არ ხდება ადეკვატურად. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ზოგადი ტენდენცია მოქმედებდეს ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ჩვენთან მოსამართლეები იღებენ.