ახალი ამბები

გაუპატიურებისთვის პირს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა

16 მარტი, 2020 • 966
გაუპატიურებისთვის პირს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელსაც ბრალად გაუპატიურება ედებოდა.

უწყება ამბობს, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად,  2016 წლის 9 სექტემბერს  ქ. თბილისში, სოფელ აქთალადან ნავთლუღის დასახლებისაკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. „ველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.გ.-მ  ძალის გამოყენებით ა.ი. გააუპატიურა.

„2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვინაიდან არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები,  ს.გ. უდანაშაულოდ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. აღნიშნული ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით.

ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2019 წლის 27 აპრილს  საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის ზეპირი განხილვა ჩაინიშნა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულის და სხვა მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, რომელთა შეფასების შედეგადაც გააუქმა  თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად  7  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი