ახალი ამბები

ველოდებით, რომ ხვალ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას – ცერცვაძე

16 მარტი, 2020 • 1130
ველოდებით, რომ ხვალ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საავადმყოფო ელოდება, რომ ხვალ კორონავირუსისგან განკურნებულ კიდევ ერთ პაციენტს გაწერს.

დღეს, 16 მარტს, პირველი პაციენტი გაწერეს, რომლის ნიმუშები COVID 19-ზე რამდენჯერმე შეამოწმეს, პასუხი კი უარყოფითი იყო. თუმცა 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება.

ცერცვაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ პაციენტს, რომელიც რიგით მესამეა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტი ხვალ ჩაუტარდება.

„მესამე პაციენტს ჰქონდა უარყოფითი [ტესტის პასუხი], ხვალ განმეორებითი ტესტი ჩატარდება და ძალიან დიდი ალბათობით – ვინაიდან პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნება და პირველი მკაფიოდ უარყოფითი იყო- მოველით, რომ მეორეც იქნება უარყოფითი და ხვალ დატოვებს კლინიკას“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, ხვალისთვის გამოჯანმრთელების სხვა კანდიდატი საავადმყოფოს არ ჰყავს, თუმცა „უახლოეს დღეებში გვეყოლება“.

პირველი პაციენტი, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ინფექციურიდან დღეს, 16 მარტს გაწერეს. ჯამში, საქართველოში 16 მარტის მონაცემებით, 30 იანვრიდან დღემდე, კორონავირუსის 33 შემთხვევა დადასტურდა.

ინფექციურიდან კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს

მასალების გადაბეჭდვის წესი