ახალი ამბები

გაწერილი პაციენტი თვითიზოლაციაში წავა – ცერცვაძე

16 მარტი, 2020 • 683
გაწერილი პაციენტი თვითიზოლაციაში წავა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი, რომელიც ინფექციურიდან გაწერეს, 14-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.

ჟურნალისტებთან საუბარში ცერცვაძემ თქვა, რომ ინფექციურში ამჯამად 28 ინფიცირებული წევს, ხვალისთვის კი ლუგარიდან კიდევ 14 ანალიზს ელოდებიან. მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატოს.

„პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელებაც ცოტა გაგვიჭიანურდა, დღეს გაეწერა, განმეორებითი პასუხი მოვიდა უარყოფითი, პაციენტი გაეწერა, ოღონდ ჩვენ წესი შევიმუშავეთ საქართველოში, კერძოდ:

ეს პაციენტი ორი კვირის განმავლობაში საკუთარ ბინაში თვითიზოლაციაში იქნება, არ წავა სამსახურში, არ შევა კონტაქტში სხვებთან. ამ წესის შემუშავების საფუძველი ჩვენ მოგვცა ჩინეთის გამოცდილებამ, სადაც გაწერილ ასობით პაციენტს ხელახლა აღენიშნათ სიმპტომები.

იყო ეს ბოლომდე არგამოჯანმრთელება თუ ხელახალი დაინფიცირება – სანამ ეს არ ვიცით და არ დაგვიდგენია, ჩვენ ვირჩევთ სიფრთხილეს“, – თქვა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

პირველი პაციენტი, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ინფექციურიდან დღეს, 16 მარტს გაწერეს. ჯამში, საქართველოში, 16 მარტის მონაცემებით, 30 იანვრიდან დღემდე კორონავირუსის 33 შემთხვევა დადასტუდა.

ინფექციურიდან კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს

მასალების გადაბეჭდვის წესი