საგანგებო მდგომარეობა, როგორც საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მიზნით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აუცილებლობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავენ საქართველოს მთავრობაშიც. რა ბედი ელის ამ შემთხვევაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს? 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, “საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე” (მუხლი 77, მე-7 პუნქტი).

“თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გამოცხადდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ერთ რომელიმე რეგიონში საგანგებო მდგომაროების გამოცხადება არ განიხილება. შესაბამისად, საკონსტიტუციური კანონის განხილვა შეჩერდება. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ საყოველთაო-სახალხო განხილვები, არამედ კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა სრულად. კონსტიტუციის შინაარს თუ ჩავუღმრავდებით, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში ამოცანაა, მხოლოდ მას შემდეგ განახლდეს კონსტიტუციური კანონის განხილვა, რაც ქვეყანა ნორმალურ ვითარებაში გადავა”, – ამბობს “ნეტგაზეთან” საუბარში კონსტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს იურისტ ლევან ალაფიშვილს. მისი თქმით, კონსტიტუციის ერთი ნორმის (მუხლი 77, მე-7 პუნქტი) მთლიანი სურათიდან ამოგლეჯილად წაკითხვა არასწორია. მაგალითად, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნტქში ვკითხულობთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება “ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში” და საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ალაფიშვილის თქმით, ეს ორი ჩანაწერი და ასევე, ფაქტობრივი მდგომარეობა, ერთობლივად უნდა გაანალიზდეს.

ის ამბობს, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ვერ გამოცხადდება, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე მოქმედებს ასეთი რეჟიმი. ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კი ავტომატურად არ აჩერებს საკონსტიტუციო განხილვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლიდან დღემდე განხორციელებული ყველა საკონსტიტუცო ცვლილება უკანონო იქნებოდა.

“2008 წლიდან და დღესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. 2008 წლიდან დღემდე დაახლოებით 15-მდე კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდა და არაერთი არჩევნები ჩატარდა. დღეს სად შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? – (საქართველოს მიერ კონტროლირებად) დანარჩენ ტერიტორიაზე, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორმაგი საგანგებო მდგომარეობა არ შეიძლება არსებობდეს.

საგანგებო მდგომარეობა თავისთავად არ არის რაიმეს შემზღუდველი, თუ  მას არ მოჰყვა კონკრეტული დეკრეტი კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებზე. კონსტიტუციური კანონის განხილვა აქ არ შედის. ასე რომ, თუკი საგანგებო მდგომაროება გამოცხადებულია მთელ ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს კონსტიტუციური განხილვები. თუკი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ქვეყნის მთელი ტერიტორიის ნაწილზე (და ჩვენს შემთხვევაში ასე იქნება), კონსტიტუციური ცვლილებები, ისევე როგორც არჩევნები, არ იზღუდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ალაფიშვილმა.

ხელისუფლების პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე “ნეტგაზეტთან” საუბარში “აბსოლუტურად ზედმეტს” უწოდებს საუბარს იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო, საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას საფრთხე ემუქრება. მდინარაძის განმარტებით, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ავტომატურად ჩერდება, თუმცა “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს,

“ამ  შემთხვევაში, რადგან საგანგებო სიტუაციის გამოცხადების უკიდურესი აუცილებლობა არ დგას, ჩვენ ყველაფერს ისე დავალაგებთ, ისე მოვასწრებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი პრობლემა არ შეექმნას. მაგალითად, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის ბოლოსკენ რომ წავალთ, პარალელურად განვიხილავთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. სანამ საგანგებო რეჟიმების აუცილებლობა დადგება, მანამდე შევქმნით საკონსტიტუციო კომისიას და ძირითად სამუშაოს წინ წავწევთ. საყოველთაო-სახალხო განხვილვებთან დაკავშირებით საუბარია ტელეხიდებზე.

უამრავი ხერხი არსებობს, ვცდილობთ ყველა წესი დავიცვათ და ,ამავდროულად, რისკის ქვეშ არ დადგეს ეს პროცესი. მაქსიმალურად შევეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში (ოღონდ არა დაჩქარებული წესით) წარიმართოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შექმნილმა მდგომარეობამ საკონსტიტუცო განხილვებს ხელი არ შეუშალოს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება ოპოზიციას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქათველოს” გაცხადებული აქვთ, რომ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს არ შეწყვეტენ მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებამდე, თუმცა ერთჯერადი გამონაკლისის სახით ხმას მისცემენ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და ფორმალურად წარადგენენ კანდიდატებს ამ კომისიაში.

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში არ ჩაერთვება

საქართველოს პარლამენტში 85 დეპუტატის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერის პირობებში, ხოლო პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე თანაფარდობით გადანაწილდება. კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა ხვალ იგეგმება.

კომისია პირველ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ზუსტად თუ რა ფორმატში წარიმართება საყოველთაო-სახალხო განხილვა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იგეგმება, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვები ონლაინ რეჟიმში გაიმართება. საყოველთაო-სახალხო განხილვებისთვის გათალისწინებულია 1-თვიანი ვადა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტში გადაინაცვლებს.

ამ თემაზე:

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.