ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში არ ჩაერთვება

13 მარტი, 2020 • 1195
ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში არ ჩაერთვება

ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში არ ჩაერთვება.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ისინი საპარლამენტო მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს. თუმცა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ.

“იგივე წრეზე წაყოლას ჩვენ არ ვაპირებთ. არაფერი განსახილველი აქ არ არის. საკონსტიტუციო ცვლილების ყველა პარამეტრი შეთანხმებული და ფურცელზე დაწერილია 8 მარტის შეთანხმებაში. ამიტომ, საჯარო განხილვებში არ ვაპირებთ მონაწილეობას. ჩვენ ერთჯერადად შევალთ და კენჭისყრაზე ხმას მივცემთ თავად კომისიის შექმნას, რომ საკონსტიტუციო პროცესი დაიძრას. მაგრამ შემდგომი მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში დამოკიდებული იქნება 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

“განხილვებში მონაწილეობა გამორიცხულია. არ მგონია, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიიღოს საჯარო განხილვებში მონაწილეობა, ეს ხომ უბრალოდ ფორმალობაა”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “მთავარ არხთან” საუბარში.

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 თანაფარდობით და 1%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი