ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ეძებენ ინფიცირებულთა კონტაქტებს

16 მარტი, 2020 • 3902
როგორ ეძებენ ინფიცირებულთა კონტაქტებს

საქართველოში კორონავირუსის ინფექციით (COVID -19) დაავადებულთა რიცხვი მატულობს. ამ დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება ეკისრება – კერძოდ, იმ ადამიანების მოძებნა, ვისაც ინფიცირებულთან ჰქონდათ შეხება.

ასეთ პირებს ე.წ. ეპიდკონტაქტებს უწოდებენ და სწორედ მათი კვლევით ხვდება NCDC, თუ რომელი შემთხვევა, რომელი წყაროდან მოდის. თუმცა, რაც უფრო იზრდება დაავადებულთა რაოდენობა, ამის გაკეთება სულ უფრო რთული ხდება.

ნეტგაზეთი ეპიდკონტაქტების ძებნასთან დაკავშირებით NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსს – ანა კასრაძეს ესაუბრა.

ნეტგაზეთთან ინტერიუში ანა კასრაძე ჰყვება, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მისი თქმით, NCDC-ის როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ადამიანური რესურსი კონტაქტების მოძიებაში მონაწილეობას იღებს.

მათი მოძიების პროცესი კი ასე იწყება:

„მას შემდეგ, რაც დადასტურდება ახალი კორონავირუსის შემთხვევა, უპირველეს ყოვლისა ტარდება ეპიდკვლევა- რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგები დადასტურებულ პაციენტს ესაუბრებიან და ეკითხებიან, თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი უკანასკნელ პერიოდში.

ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს ახლო კონტაქტები – ანუ ის ადამიანები, ვისთანაც ამ ადამიანს ჰქონდა 15 წუთზე ხანგრძლივი კონტაქტი ერთი მეტრის დისტანციაზე.

ჩვენ ვეყრდნობით მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და იმედი გვაქვს, რომ ისინი არ მალავენ კონტაქტებს“, – ამბობს კასრაძე და ამატებს, რომ მოქალაქეები ცენტრთან კარგად თანამშრომლობენ.

ინფიცირებულებისგან კონტაქტების ჩამონათვლის მიღების შემდეგ მათ ეპიდემიოლოგები უკავშირდებიან და ეკითხებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

„ეძლევათ მკაცრი რეკომენდაცია, რომ ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში, დააკვირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და თუ სიმპტომები გამოუვლინდათ, ისინი გადაჰყავთ კლინიკაში და შემდგომ უკვე ხდება ნიმუშების აღება“.

კასრაძის განმარტებით, კონტაქტი ეპიდემიოლოგებსა და ინფიცირებულებს შორის ორი კვირის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობს.

სიტუაცია რთულდება მაშინ, როდესაც ინფიცირებულმა არ იცის იმ ადამიანთა ვინაობა, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა.

„როდესაც ადამიანს, ვთქვათ, 5-10 წუთის განმავლობაში 1 მეტრის დისტანციაზე ვინმესთან შეხება ჰქონდა – ეს არ ითვლება რისკად, მაგრამ თუ დადასტურებული შემთხვევა მუშაობს ისეთ ადგილას, სადაც მას, მაგალითად, მომხმარებლებთან აქვს დიდი ხნის განმავლობაში შეხება – მაშინ ჩვენ ვთხოვთ მის სამუშაო დაწესებულებას, დაგვეხმაროს ადამიანის მოძიებაში.

როდესაც კონტაქტი უცნობია, მისი მოძიება, რა თქმა უნდა, რთულდება, მაგრამ დღემდე მსგავსი პრობლემა არ გვქონია და საკმაოდ ეფექტურად ვახდენთ იდენტიფიცირებას.

ვნახეთ კიდეც, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტები იყო,“ – დასძენს კასრაძე და ამატებს, რომ „33 დადასტურებული შემთხვევის 100-ზე მეტი კონტაქტი ცნობილია“.

კასრაძის თქმითვე, ევროპაში შემთხვევების მატების პარალელურად, ეპიდსიტუაცია საქართველოშიც გაუარესდება. ამის ფონზე კი ცენტრისთვის მთავარ გამოწვევად მოქალაქეების ქცევა რჩება.

კასრაძე ამბობს, რომ ცენტრის მუშაობა დიდწილად მოქალაქეების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, მათი ნაწილი კი უარს აცხადებს, მიჰყვეს რეკომენდაციებს – კერძოდ, დარჩეს სახლში, მოერიდოს თავშეყრის ადგილებს, არ იმოგზაუროს და დაიცვას ყველა ჰიგიენური ნორმა.


ქვეყანაში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ გუდაურში ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ ჩეხი ტურისტებიც, რომლებსაც შემდგომ COVID 19-ით ინფიცირება დაუდასტურდათ.

თუმცა, როგორ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ტურისტმა ქართულ მხარეს მიაწოდა ყველა ლოკაცია, სადაც იმყოფებოდა, მანქანების ნომრები, რომლითაც მგზავრობდა.

ტიკარაძის ცნობით, იმ 30 ადამიანიდან, ვისთანაც ტურისტს ჰქონდა შეხება, 3-ს აქვს Covid-19-ის სიმპტომატიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი