ახალი ამბებისაზოგადოება

დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

16 მარტი, 2020 • 4667
დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის საქართველოში სასკოლო არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამ პერიოდში სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხები გამოიყენონ, მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი მეთოდია დისტანციური სწავლებაც. თუმცა ქვეყნის მასშტაბით მრავლადაა რეგიონები, სადაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 50 პროცენტზე დაბალია.

მაგალითად, იმერეთსა და ქვემო ქართლში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი არის 55-57%, აჭარაში – 83%, თბილისში- 114.8% (ერთ ადამიანზე რამდენიმე აბონენტის ნომერი მოდის). ყველა სხვა რეგიონში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი კი 50%-ზე ბევრად დაბალია. მაგალთად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 6%-მდეც ვერ აღწევს.

რეკომენდაცია სკოლებისთვის

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რამდენად არიან მზად სკოლები დისტანციური სწავლებისთვის და რა ვითარებაა მუნიციპალიტეტებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.

განათლების სამინისტრო  არდადეგების პერიოდში (1 აპრილამდე) მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება.

სამინისტროს თქმით, მნიშვნელოვანია,  თითოეულმა სკოლამ გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

მასწავლებლებს კი მოუწოდებს, მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა.

“აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია, რომ მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის შესაბამისი მასალები მოამზადონ როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე, გამჭოლი კომპეტენციების განსავითარებლად. მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა, შემეცნებითი აქტივობები, კვლევითი პროექტები, ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თემატური დავალებები და სხვა”,  – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

დისტანციური კომუნიკაციისთვის სამინისტრო სკოლებს Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას ურჩევს და აცხადებს, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე, გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

როგორც “ნეტგაზეთს” სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნინო ეფხოშვილმა უთხრა, უკვე შექმნილია Microsoft Teams-ის ანგარიშები საქართველოს მასშტაბით ყველა მასწავლებლისთვის, მოსწავლეების ანგარიშებზე კი უწყება ამჟამად მუშაობს.

ეფხოშვილის თქმით, ამ პროგრამის საშუალებით მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოსწავლეებს ონლაინ რეჟიმში ეკონტაქტონ, მათ შორის, გაკვეთილები ვირტუალურ კლასში ჩაატარონ:

“ვთავაზობთ რამდენიმე ალტერნატივას. ეს არის მაიკროსოფტის პროდუქტები, იგივე Teams – საკომუნიკაციო არხი, რომლითაც მასწავლებლებს მოსწავლეებთან კონტაქტის საშუალება ეძლევათ. ამ შემთხვევაში სისტემაში შესასვლელად მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის ვქმნით მომხმარებლის ანგარიშს.

ასევე ვმუშაობთ ვირტუალური კლასების შექმნაზე, რაც გულისხმობს, რომ ყველა სკოლის ყველა საგანში შეიქმნება ვირტუალური კლასი და მასწავლებელი როცა შევა ამ პროგრამაში, ,პირდაპირ დაინახავს თავის კლასს”,  – უთხრა ეფხოშვილმა ნეტგაზეტს.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება განაცხადების მიღება საპილოტე პროგრამისთვის, რომლის ფარგლებშიც სკოლებს ექნებათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების მოდელი დანერგონ.

მთავარი გამოწვევა – ინტერნეტზე დაბალი ხელმისაწვდომობა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გამოწვევად რჩება მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ფიქსირებული ინტერნეტი ოჯახების 81%-ს აქვს, თუმცა საქართველოში მრავლადაა რეგიონები, სადაც ინტერნეტის დაფარვა მოსახლეობის ნახევარსაც ვერ აღწევს.

მაგალითისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში ინტერნეტის დაფარვა 9.23 პროცენტია. მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების სკოლებში დისტანციური სწავლების დანერგვის სურვილი და მზაობა არის, თუმცა მთავარია, ელექტროენერგია და ინტერნეტი ჰქონდეთ იმისთვის, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლონ:

“სურვილი და მზადყოფნა არის. მთავარია, შუქი გვქონდეს და ინტერნეტი იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ერთმანეთთან ურთიერთობა. ტექნიკური თვალსაზრისით, როცა შუქი და ინტერნეტი არის, ამ მიმართულებით გამართულად შეიძლება საქმიანობა და იმედი გვაქვს, ამის შესაძლებლობა გვექნება”, – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

ნიგურიანის თქმით, სანამ სამინისტროსგან ამ რეკომენდაციებს მიიღებდნენ, მასწალვებლებს მოსაწლავეებთან სატელეფონო კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და დავალებებისა და საკითხავი ლიტერატურის ჩამონათვალს ამ გზით აწვდიდნენ:

“არის შემთხვევები, როცა ოჯახს ინტერნეტის არ აქვს, მაგრამ აქვთ მობილური ტელეფონი. ტელეფონით და მობილური ინტერნეტით შესაძლებელია იმის განხორციელება, რისი რეკომენდაციაც მოგვცა სამინისტრომ. ყველა სკოლა ჩართულია ინტერნეტში და გამართულობა ხშირად ჩვენთან ამინდზეცაა დამოკიდებული, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ტელეფონი და მობილური ინტერნეტი, აუცილებლად გამოგვივა”, – ამბობს მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

მარტვილის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პაშა გულორდავამ კი ნეტგაეტს უთხრა, რომ ამჟამად იკვლევენ მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ხელმისაწვდომობას ონლაინ რესურსებზე. GNCC-ს 2019 წლის მონაცემებით, მარტვილში ინტერნეტის დაფარვა 18.09 პროცენტს შეადგენს:

“ყველა ჩართულია ონლაინ რეჟიმში, მოსწავლეებიც შეყვანილი ჰყავთ, სპეციალური გვერდი გვაქვს. დღეს უკვე ყველანი ჩავერთეთ. მეტ-ნაკლებად მომზადებულები არიან. ჩვენ გავაგზავნეთ სამინისტროს რეკომენდაციები, რათა თემის შესაძლებლობების ფარგლებში ხელმისაწვდომი იყოს დისტანციური კომუნიკაცია.

ამ არხებს იყენებენ. თუმცა,  რა თქმა უნდა, ჯერ ვერ არის გამართული. დღეს ამას ვუზივართ ყველანი, სად ვერ ხერხდება ინტერნეტის დაფარვა. ყველაზე მეტად უფრო მთიან სოფლებში გვაინტერესებს. ჩვენც პირდაპირ ონლაინ რეჟიმში ვართ სკოლებთან. ჯერ ვიკვლევთ, სად არ არის ინტერნეტის წვდომა და ამის შემდეგ გვინდა სატელეფონო კომუნიკაცია ვცადოთ” ,- ამბობს გულორდავა. მისი თქმით, ამ კვირის განმავლობაში მარტვილის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლება სატესტო რეჟიმში დაიწყება.


16 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.

მასალების გადაბეჭდვის წესი