დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის, ანა კასრაძის ცნობით, ჩეხი ტურისტების ჯგუფის წევრებს, რომლებიც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.
კერძოდ, ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.
“დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია), რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის”, – წერს ანა კახრაძე.
გუდაურში მდებარე რესტორნის, “მთვრალი ალუბლის” ადმინისტრაციამ წუხელ გაავრცელა ინფორმაცია რესტორნის დახურვის შესახებ მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან შევატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი.
“ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველდღე დადიოდნენ რესტორან “მთვრალ ალუბალში”. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია, ჩვენი 2 თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას. ვინც ამ დღეებში იყავით “მთვრალ ალუბალში”, გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას”, – ნათქვამია რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებაში.
16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა რეგისტრირებული. მსოფლიოში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილია 5 700-ზე მეტი ადამიანი. ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 146 ქვეყანაში.