ახალი ამბები

ყველა სავაჭრო ქსელში მომარაგებულია რამდენიმე თვიანი მარაგი – ცქიტიშვილი

14 მარტი, 2020 • 1248
ყველა სავაჭრო ქსელში მომარაგებულია რამდენიმე თვიანი მარაგი – ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველოში სურსათის და სხვა პროდუქტების საკმარისი მარაგია და მათ ამოწურვას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“მინდა გავომეხმაურო იმ მომატებულ აქტივობას სავაჭრო ქსელში: დღეს ჩვენ ვნახეთ ცალკეულ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა და ცალკეულ შემთხვევაში ცარიელი დახლებიც. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის არავითარი შეფერხება სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით. ყველა სავაჭრო ქსელში მომარაგებულია რამდენიმე თვიანი მარაგი, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაკონტროლებთ მუდმივ რეჟიმში იმას, რომ ეს მარაგები იყოს უზრუნველყოფილი მთელი ამ პრიოდის განმავლობაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, დღეს ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს პანიკისთვის, არ გავქვს საფუძველი იმ მომატებული მოთხოვნისთვის, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით დღეს, 14 მარტს ვიცე-პრემიერი, პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, შემოსავლების სამსახურთა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო სწორედ სურსათის და სხვა პროდუქტების მარაგის საკითხი და ისინი ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს.

14 მარტის საღამოს მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.

მასალების გადაბეჭდვის წესი