ახალი ამბები

უგულავამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

14 მარტი, 2020 • 1658
უგულავამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ადასტურებს.

იმის გამო, რომ გიგი უგულავას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეფარდა პატიმრობა, მისი გათავისუფლების სამართებრივი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა.

ბექა ბასილაიას მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ დოკუმენტში წერია:

“საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება. რომლის მიხედვითაც – „განსხვავევების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.“.

ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის გიგის პატიმრობას.

თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, მან მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ მისი პატიმრობა არ გამხდარიყო ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე.

ფაქტია რომ სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

ეს მისთვის გარდა პერსონალურისა, საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის, მათ შორის თუნდაც გიგის, ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მოგმართავთ რომ განიხილოთ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში”.

გიგი უგულავა სასამართლომ 2020 წლის 10 თებერვალს, „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი