ახალი ამბები

პრემიერ ლიგის მატჩები 3 აპრილამდე გადაიდო

13 მარტი, 2020 • 793
პრემიერ ლიგის მატჩები 3 აპრილამდე გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების გამო ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩები სულ მცირე 3 აპრილამდე გადაიდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილება 4 აპრილს გადაიხედება და მასში ცვლილებებს იმ დროისთვისთვის არსეუბლი სტატისტიკის მიხედვით შეიტანენ.

ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, გადაიდება სანაკრებო შეხვედრებიც. მათ შორის, ინგლისსა და იტალიას შორის 27 მარტს დაგეგმილი მატჩი და ინგლისსა და დანიას შორის დაგეგმილი შეხვედრაც.

საფეხბურთო კლუბებს ასევე მიეცათ რეკომენდაცია, რომ ამ დროის განმალვობაში თავი შეიკავონ არააუცილებელი აქტივობებისგან როგორიცაა, ფეხბურთელების საჯარო ღონისძიებებზე გამოჩენა და საწვრთნელ ბაზაზე ვიზიტორებთან და გულშემატკივრებთან შეხვედრა.

ბრიტანეთის გარდა მსგავსი ზომები სხვა ქვეყნებშიც მიიღეს. მაგალითისთვის, ეროვნული საფეხბურთო ლიგები დროებით შეწყდა ესპანეთში, იტალიაში და საფრანგეთშიც.

გარდა ამისა, UEFA-მ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გადადების გადაწყვეიტლებაც მიიღო.

ამასთან, რაგბის ევროპული კავშირის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო 13 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში დაგეგმილი ყველა ჩემპიონატი შეჩერდება, რაგბის მატჩები კი გადაიდება.

ცვლილება შეეხება როგორც ქალთა და კაცთა საერთაშორისო ჩემპიონატების შეხვედრებს. მათ შორის ევროპის ჩემპიონატსაც. ასევე, გადაიდება U2o და U18 ასაკობრივ კატეგორიებში ევროპის ჩემპიონატების ფარგლებში დაგეგმილი მატჩებიც.

შესაბამისად, არ ჩატარდება საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრაც.


მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსის 130 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4000-ზე მეტი ადამიანი.

25 ლაბორატორიულად დადასტურებული დაავადების შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი