ახალი ამბები

რის გამო შემცირდა საქართველოს რეიტინგი Freedom House-ის ანგარიშში

13 მარტი, 2020 • 1452
რის გამო შემცირდა საქართველოს რეიტინგი Freedom House-ის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ბოლო პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში 2020“) თანახმად, საქართველოს რეიტინგი შარშანდელთან შედარებით ორი მაჩვენებლით შემცირდა და შესაძლებელი 100-დან 61 ქულა დააგროვა.

0 ქულა „ყველაზე არათავისუფალს“ შეესაბამება, 100 ქულა – „ყველაზე თავისუფალს“. 2018 წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019 წელს — 63, წელს კი 61 აქვს.

მთლიანი ანგარიში 4 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო დეტალური ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც განმარტებულია, როგორ გროვდება 61 ქულა, 11 მარტს.

ჩვეულებრივ, „ფრიდომ ჰაუსი“ ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. საქართველო უკვე წლებია მეორე კატეგორიაში ხვდება — „ნაწილობრივ თავისუფალში“.

ანგარიშის წლევანდელი მეთოდოლოგიის თანახმად, ორგანიზაცია ორი კატეგორიით აფასებს ქვეყნის თავისუფლების დონეს — პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს — 60.

პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 24/40 ქულა უწერია, სამოქალაქო უფლებების ნაწილში — 37/60.

ეს ქულები შემდეგნაირად გროვდება: მეთოდოლოგიაში გამოყოფილია 25 კითხვა, რომელშიც 0-დან 4 ქულამდე შეიძლება დაუწერონ ამა თუ იმ ქვეყანას.

ახალი ანგარიშის თანახმად, 23 კითხვის შემთხვევაში ქულები იგივე დარჩა, რაც წინა წელს იყო, და საქართველოს ორ კითხვაზე აქვს თითო-თითო ქულა დაკლებული.

ერთ შემთხვევაში საქმე 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება, მეორე შემთხვევაში – მამუკა ხაზარაძის საქმეს.

შეკრების თავისუფლება

კითხვაზე, „არის თუ არა ქვეყანაში შეკრების თავისუფლება დაცული“, საქართველოს შესაძლო 4-დან 2 ქულა აქვს მინიჭებული. წინა წელს მას აქ 3 ქულა ეწერა. როგორც ანგარიშშია განმარტებული, „ქულა შეიცვალა, რადგან პოლიციამ ივნისში პარლამენტის წინ დემონსტრანტების დასაშლელად ძალას გადაამეტა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა“.

იქვე აღწერილია ის მოვლენები, რაც 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა, მათ შორის ჟურნალისტების დაშავება და ორი დემონსტრანტის თვალის დაკარგვა; იმავე სექციაში ნახსენებია, რომ პოლიციამ არ უზრუნველყო ივნისში დაგეგმილი პრაიდის მარშის უსაფრთხოდ ჩატარება.

ხაზარაძის საქმე

მეორე კითხვა, რომელშიც ერთი ქულა აქვს საქართველოს დაკლებული, ასეთია: „აქვთ თუ არა ადამიანებს უფლება, ორგანიზდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად ან სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებად თავიანთი არჩევანის შესაბამისად, და არის თუ არა სისტემა თავისუფალი დაუსაბუთებელი დაბრკოლებებისგან“…

ამ კითხვაზე პასუხად წერია, რომ საქართველოში დინამიკურ მრავალპარტიული სისტემაა და ახალი პოლიტიკური პარტიები ხშირად იქმნება და ფუნქციონირებს განსაკუთრებული ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე, „თუმცა, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, თითო პარტიის დომინირების პრაქტიკა ხელს უშლის კონკურენტი ჯგუფების განვითარებას და სტაბილურობას, და პირობები 2019 წელს გაუარესდა“.

ფრიდომ ჰაუსი წერს, რომ „ივლისში მამუკა ხაზარაძე, საქართველოს ორი უდიდესი ბანკიდან ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესპარტნიორთან ერთად ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სავარაუდო დანაშაული 2008 წლით თარიღდებოდა, დაპატიმრება კი ხაზარაძის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის სურვილის გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე მოხდა … რასაც მოჰყვა პოლიტიზებული დევნის შესახებ შეშფოთების გამომხატველი განცხადებები აშშ-ის საელჩოს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების და სხვა დამკვირვებლების მხრიდან“.

ამ პერიოდში მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს 2008 წლის საქმეზე [ისინი არ დაუკავებიათ] და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დღემდე გრძელდება.

სხვა საკითხები

გარდა ამ ორი საკითხისა, ანგარიშში მიმოიხილავს წლის განმავლობაში მომხდარ არაერთ მოვლენას, მათ შორის პრემიერის ცვლილებას, პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდებას და რ2-ის მფლობელის ცვლილებას, მოსამართლეების უვადოდ გამწესებას და ა.შ..

ერთ-ერთი ბოლო საკითხია ეკონომიკური ექსპლუატაციისგან თავისუფლება, სადაც ქვეყანას 4-დან 2 ქულა უწერია:

„საფრთხის შემცველი სამუშაო პირობები და შეუსაბამო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რამაც ხელი შეუწყო სამუშაო ადგილებზე ადამიანების დიდი რაოდენობით დაღუპვას და დაშავებას“.

იქვე ნახსენებია Human Rights Watch-ის 2019 წლის კვლევა, რომელიც შრომის საკითხების არასათანადო რეგულირების შესახებ საუბრობს. ამას გარდა, „ფრიდომ ჰაუსი“ წერს, რომ:

„საქართველო არის წყარო, დანიშნულების ადგილი და სატრანზიტო ქვეყანა ტრეფიკინგისთვის, რაც სექსუალურ ექსპლუატაციასთან და იძულებით მუშაობასთანაა კავშირში“. თუმცა ასევე ციტირებულია აშშ-ის ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ, სადაც წერია, რომ ხელისუფლებამ გააგრძელა ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.


გარეკანის ფოტოზე: 20 ივნისის ღამე რუსთაველის გამზირზე. ფოტო: გიორგი არჯევანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი