ახალი ამბებისაზოგადოება

სახლიდან მუშაობა: რამდენიმე რჩევა პროდუქტიულობის გაზრდისთვის

13 მარტი, 2020 • 4009
სახლიდან მუშაობა: რამდენიმე რჩევა პროდუქტიულობის გაზრდისთვის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არაერთი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – ანუ, თანამშრომლები საქმეს სახლიდან აკეთებენ.

მართალია, სახლიდან მუშაობას შეიძლება ბევრი პლიუსი ჰქონდეს – წყნარ ატმოსფეროში ყოფნა და ვირუსის გადადების პრევენცია, თუმცა არსებობს მინუსებიც – მუშაობაში ხელისშემშლელი ტელევიზორი თუ სხვა რაღაცები, სამუშაოდ საჭირო ინვენტარის არქონა და ა.შ.

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიწყოთ სახლში კომფორტული სამუშაო გარემო, რომელიც პროდუქტიულობის მომატებაშიც დაგეხმარებათ.

შეიმუშავეთ კომუნიკაციის სისტემა

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დისტანციური მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის შენარჩუნება ხელმძღვანელთან და კოლეგებთან: კომუნიკაციის კარგი სისტემა დაგეხმარებათ, იცოდეთ, თუ რა არის საჭირო თქვენგან და ამავე დროს, არ მოგცემთ მარტოობის შეგრძნების საშუალებას.

როგორც BBC წერს, 2500 დისტანციურად მომუშავე ადამიანის კვლევისას გამოვლინდა, რომ მათთვის მეორე ყველაზე დიდი პრობლემა მარტოობის გრძნობა იყო – მას რესპონდენტების 19% უჩიოდა.

კარგი კომუნიკაციისთვის შეიძლება სხვადასხვა ტექსტური თუ ვიდეოჩატის აპლიკაციების გამოყენება.

„მენეჯერებს, თავის მხრივ, უნდა ახსოვდეთ, რომ შესაძლოა, ყველას არ უნდოდეს სახლიდან მუშაობა, ამიტომ, ისინი უნდა დაეხმარონ თანამშრომლებს სტრესის დაძლევაში“, – აცხადებს Time-თან საუბარში დარჰემის უნივერსიტეტის პროფესორი თიუ ვი ნგიენი.

ნუ დაკარგავთ კონცენტრაციას, შეიქმენით სამუშაო გარემო

როგორც ირკვევა, სახლში და ოფისში მუშაობა იმითაც განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ სახლში შეიძლება კონცენტრაცია დაკარგოთ.

დისტანციურად მუშაობას მიუდექით, როგორც ნამდვილ სამსახურს – თუ საჭიროა, ისე ჩაიცვით, თითქოს სახლიდან გასასვლელი იყოთ, წერს BBC.

როგორც BBC წერს, სამუშაო სივრცით, სადაც კონცენტრირება შეგიძლიათ, უფრო მარტივია დისტანციურად მუშაობის პლიუსების შეგრძნება. FlexJobs-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 7,000-მა ადამიანმა მიიღო, 65% აცხადებს, რომ სახლიდან უფრო პროდუქტიულად მუშაობს, მიზეზად კი კოლეგებისგან ნაკლებ შეწუხებას, მინიმალურ ოფისის სტილის პოლიტიკასა და სამსახურში წასვლა-წამოსვლისგან მიღებული სტრესის შემცირებას ასახელებს.

“ამასთან ერთად, შეეცადეთ სახლში უფრო სამუშაო ატმოსფერო შექმნათ – ნუ წამოწვებით ლეპტოპით ხელში – დადეთ კომპიუტერი მაგიდაზე და მიუჯექით, როგორც სამსახურში. გარდა ამისა, რათა ოჯახის წევრებმა ხელი არ შეგიშალონ, ინსტრუქციები მათაც მიეცით – მაგალითად, თუ თქვენი ოთახის კარი დახურულია, მოიქცნენ ისე, თითქოს სახლში საერთოდ არ ხართ – გვირჩევს BBC.

იქონიეთ გეგმა და განრიგი

„ჩვეულებრივ, ჩვენი დრო და დღის სტრუქტურა სხვა ადამიანების მიერაა განპირობებული. თქვენ დღეს [დისტანციური მუშაობისას] მოაკლდება ის სტრუქტურა, რომელიც ჩვეულებრივ აქვს. ხალხს ამასთან გამკლავება შეიძლება გაუჭირდეს. ერთ-ერთი, რაც აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ მარტოობაში გატარებული დრო ბევრად უფრო კარგად იხარჯება, თუ განრიგი გაქვთ შედგენილი“, – ამბობს Time-თან საუბარში თიუ ვინგ ნიენი.

ამავე დროს, მისივე რჩევით ნუ დაივიწყებთ შესვენებას – დღეში რამდენჯერმე მცირე პაუზა არ გაწყენთ.

ნუ ჩამოყრით ყურებს

რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გექნებათ კოლეგებთან, უფრო დიდი შანსია, რომ არ გაგიჩნდეთ იზოლაციის გრძნობა, რომელსაც დეპრესიის გამოწვევა შეუძლია.

„მთლიანობაში, მოკლევადიან დროში, ორიდან ოთხ კვირამდე დისტანციური მუშაბა, ვფიქრობ, ეკონომიკურად და პერსონალურად მტკივნეული იქნება, მაგრამ ასატანი“, – ამბობს BBC-სთან საუბარში ნიკოლას ბლუმი,  კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. „უფრო დიდი პერიოდი, მაგალითად, ორი ან სამი თვე დისტანციური მუშაობა შეიძლება სერიოზული ეკონომიკური და ჯანდაცვის პრობლემების გამომწვევის გახდეს“.

მისივე რჩევით სამუშაოსთან დაკავშირებული ხშირი ვიდეო-ზარები შეიძლება სასარგებლო იყოს იზოლაციის გრძნობის შესამცირებლად.

ამავე თემაზე

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე

WHO-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების რეკომენდაციები COVID-19-ზე

მასალების გადაბეჭდვის წესი