ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე

11 მარტი, 2020 • 5100
როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე

როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ახალი ტიპის კორონავირუსზე და თანმხლებ რისკებზე? – ვირუსის გავრცელების პარალელურად, ეს კითხვა ალბათ, ბევრ მშობელს გაუჩნდა.

სოციალურ ქსელში ზოგიერთი მათგანი შიშობს, რომ ბავშვისთვის ზედმეტი ინფორმაციის მიწოდებით, არასრულწლოვანს დააშინებს და სტრესულ მდგომარეობამდე მიიყვანს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ბავშვებმა ინტერნეტის და მედიის მეშვეობით ინფორმაცია თავად უკვე მიიღეს.

ნეტგაზეთი ესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგს და ასევე დედას, რომელიც შვილებთან ერთად ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ დედის და ბავშვების ოჯახის წევრს ახალი კორონავირუსის ტიპით ინფექცია დაუდგინდა.

ორივე მათგანი გვიყვება, რომ ბავშვებთან საუბრის დროს მთავარი სწორი ინფორმაციის მიწოდებაა, პანიკისა და დაშინების გარეშე.

“უნდა ვუთხრათ სიმართლე… ღიმილით“ 

თეონას (სახელი შეცვლილია) ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ის და მისი შვილები ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დედა მიიჩნევს, რომ ამგვარ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ბავშვებმა სიმართლე იცოდნენ – მათთვის გასაგები ენითა და პოზიტიური ტონით მიწოდებული.

„პირველ რიგში, როდესაც მივხვდი, რომ შეიძლება ვირუსი ჩვენთანაც შემოვიდეს, უკვე დავიწყე საუბარი ბავშვებთან. ავუხსენი, რომ ასეთი ვირუსი არსებობს, შეიძლება აქაც შემოვიდეს და ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.

შემდგომ, ტელევიზორში მოისმინეს, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ ამ ვირუსით და ჩემს ერთ-ერთ შვილს კითხვა გაუჩნდა – ამითაც შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოსო? მე ბავშვურ, მარტივ ენაზე ავუხსენი, რომ 1000-2000 ადამიანიდან, შეიძლება ერთი გარდაიცვალოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს. ზოგადად კი  ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის,“ – იხსნებეს ქალი.

თეონა ყვება, რომ ოჯახის წევრის ინფექციურში გადაყვანის ფაქტი ბავშვებს არ დაუმალა, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვები ყოველთვის უნდა იყვნენ ინფორმირებულები. თუმცა, ამ ინფორმაციას დედა შვილებს გაღიმებულად და პოზიტიურად აწვდის.

„ბავშვებმა უნდა იცოდნენ… მაგრამ თუ მე ამას ვაკეთებ მშვიდად და გაღიმებული, ისინი არ აღიქვამენ ამას, როგორც ტრაგედიას. თუ მე ვნერიულობ, ამასაც ხედავენ და ამასაც ვუხსნი – რომ ახლა მე ვნერვიულობ, იმიტომ, რომ გადავიღალე, იმიტომ, რომ ბევრ ხალხს ველაპარაკები, ბევრს ვპასუხობ, მაგრამ არაუშავს – ახლა ასეთი სიტუაციაა.

ვთქვათ, კითხვაზე, გარეთ როდის გავალთ? – მე ვპასუხობ, რომ გარეთ აუცილებლად გავალთ, მაგრამ ჯერ უნდა დავიცვათ ის წესი, რაც აუცილებელია – კერძოდ კი თვითიზოლაცია, სხვას რომ არაფერი გადავდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში.

ბავშვებს ვუთხარი რომ ვირუსი თამაშივითაა და თავისი წესები აქვს. და ეს წესები უნდა დავიცვათ ისე როგორც ამას სხვა ნებისმიერი თამაშის დროს ვაკეთებთ და ბავშვებმაც უფრო მარტივად გაიგეს,“ – ამბობს თეონა.

მისივე განმარტებით, ბავშვებს მან ისიც აუხსნა, რომ თავადაც შეიძლება მოუწიოს ინფექციურში გადასვლა, თუმცა, ეს ინფორმაცია  პოზიტიური კუთხით დაანახა და დააწყნარა – „ვუთხარი და ავუხსენი, რომ ხანდახან ადამიანები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროა. თვითიზოლაციაზეც ასე განვუმარტე, ვუთხარი – აი, ნახე, ახლა მე და შენ დიდი ხანი ვიქნებით ერთად და ერთად ვითამაშებთ“.

„თუ ვრჩებით ბავშვებთან თვითიზოლაციაში, მათ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩემს შემთხვევაში პირველი ორი დღე ძალიან დატვირთული და სტრესული იყო.. ტელეფონზე უამრავი ზარი შემოდიოდა და მე ბავშვებს ვერ მივაქციე სრულად ყურადღება, რაც ვფიქრობ არასწორი იყო.

მეტი ყურადღებაა საჭირო, სიმშვიდესთან ერთად და რაც მთავარია, უნდა ვუთხრათ სიმართლე, ღიმილით,“ – განმარტავს ნეტგაზეთთან ქალი.

თეონას თქმით, ბავშვებს ისიც აუხსნა, რომ თავად ადამიანები საშიშები არ არიან – „ მე ვუთხარი, რომ შენ არ ხარ საშიში, ვირუსი, რომელიც არის – ის არის საშიში. ეს მან გაიგო, მიხვდა, რომ თავად პერსონალურად საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ვირუსი შეიძლება ვინმეს გადავდოთ. ჩვენ დაცულები ვართ, მაგრამ უნდა მოვუფრთხილდეთ სხვებს,“.

ფსიქოლოგის რჩევები

ინფორმირებულობა, მარტივ ენაზე საუბრი და მედიაწიგნიერების პრინციპების ახსნა ბავშვებისთვის – ეს ის ძირითადი რჩევებია, რომელბსაც ნეტგაზეთთან საუბარში ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა უსვამს ხაზს.

ფსიქოლოგის თქმით, როდესაც ბავშვს კორონავირუსსა და თანმხლებ რისკებზე ვესაუბრებით, აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია.

“მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს ინფორმირებული“

მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, მათ შორის, ბავშვი სწორად იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა რისკები არსებობს.

„მე არასდროს ვარ მომხრე, რომ არც ბავშვთან და არც დიდთან რაიმე გავალამაზოთ, შევაფერადოთ, მოვატყუოთ და არასწორად მივაწოდოთ ინფორმაცია – რამაც შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს – გაზარდოს ბავშვის შფოთვა და ემოციურ პრობლემამდეც მივიდეთ. ასევე ინფორმაციის დამალვა გამოიწვევს იმასაც, რომ ბავშვი არასათანადო სიფრთხილეს გამოიჩენს,“- განმარტავს მაია ცირამუა.

“არ დააშინოთ ბავშვი და არ შეუქმნათ ხელოვნური გარემო”

ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ფსიქოლოგის რეკომენდაციაა, რომ ბავშვები მშობლემა არ შეაშინონ.

„ხშირად იმისთვის, რომ ბავშვმა სიფრთხილე გამოიჩნოს, მშობელი მიმართავს მისი დაშინების  მეთოდს – მას თითქოს ჰგონია, რომ შიში ბავშვს უფრო მობილიზებულს გახდის.

ეს არ არის სწორი მიდგომა. ყველაზე სწორი ისაა, რომ ბავშვს გასაგებ ენაზე, ზუსტად ვუთხრათ ის, თუ რა რისკებთანაა ეს დაავადება დაკავშირებული და რა ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცავან  მათ, იმისთვის, რომ თავად ბავშვი და მის ირგვლივ მყოფი ხალხი უსაფრთხოდ იყოს,“ – განმარტავს ფსიქოლოგი.

მაია ცირამუა ასევე ურჩევს მშობლებს არ შექმნან სახლებში ხელოვნური გარემო. მისი თქმით, თუ მანამდე სახლში რეგულარულად იყო ჩართული ტელევიზორი ან/და ინფორმაციის სხვა რომელიმე არხი, ეს სიტუაცია ხელოვნურად არ უნდა შეიცვალოს.

„თუ ოჯახში არის პრაქტიკა, რომ ტელევიზორი ჩართული არ იყო ან პირიქით – ეს მათი ჩვეული ცხოვრების რიტმია. შესაბამისად, თუ მშობელი ამას შეცვლის, ამან შეიძლება უფრო დიდი შიში გამოწივიოს ბავშვში.

თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვი იღებს გადაჭარბებულ და გაბუქებულ ინფორმაციას, უბრალოდ აუხსნას, რომ ეს სიმართლე არ არის, ვირუსი არ არის სამყაროს დასასრული და განუმარტოს, რომ სხვადასხვა მედია საშუელებები, ზოგჯერ სხვადასხვნაირად აშუქებენ ამა თუ იმ ამბავს”.

„ერთ-ერთი გამოსავალია, რომ თავად მშობელმა ასწავლოს ბავშვს მედიაწიგნიერების პრინციპები“

მაია ცირამუა ამბობს, რომ გარემოში, სადაც ბავშვს უამრავი ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მშობელმა მას მედიაწიგნიერების პრინციპები უნდა ასწავლოს. ეს გულისხმობს იმას, რომ ზრდასრულმა აუხსნას მოზარდს, თუ რომელ წყაროს ენდოს და სად გადაამოწმოს ინფორმაცია.

„ახლა სასკოლო არდადეგები გახანგრძლივებულია, შესაბამისად, ამან ბავშვში კითხვები და დაძაბულობაც კი შეიძლება გამოიწვიოს. მისთვის ინფორმაციის მიწოდება, კი, მათ შორის, ჰიგიენურ ნორმებზე – პრევენციული ზომაა”.

რა არის კორონავირუსი და სად შეიძლება მოვიძიო სანდო ინფორმაცია?

კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირაციულ დაავადებებს იწვევენ. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი – არა. მძიმედ მიმდინარე დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ინფექცია. ახლად აღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე დაავადება

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის – ანუ იმ სითხეებიდან, რომელიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომები არის სიცხე, დაღლილობა და მშრალი ხველა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სხეულში ტკივილებიც, ცხვირის დაგუბება, სურდო და დიარეა.

თუმცა, ადამიანთა ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება, დაავადებულთა უმეტესობას (დაახლოებით 80%-ს) არ სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა. 6-დან მხოლოდ 1 ინფიცირებულს აღენიშნება სერიოზული გართულება.

გართულებების რისკ ჯგუფში შედიან მოხუცები და ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, როგორიცაა, მაღალი წნევა, გულის პრობლემები ან დიაბეტი.

რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, კორონავირუსის ახალ ტიპზე ცნობებს შეგიძლიათ გაეცნოთ მათ შორის ამ ბმულებზე:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფეისბუკ გვერდზე; ამავე ცენტრის საიტზე;

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ სპეციალურ საიტზე – stopcov.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე;

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საიტზე;

ასევე შეგიძლიათ ნახოთ

CSSE-ის მსოფლიო რუკა, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების არეალი ლაივ რეჟიმში ჩანს;

მასალების გადაბეჭდვის წესი