ახალი ამბები

ნაფიცი მსაჯულები, იუსტიციის საბჭოს დათხოვნა და სხვა – ოპოზიციის ნაწილის პირობა სასამართლო რეფორმაზე

13 მარტი, 2020 • 1470
ნაფიცი მსაჯულები, იუსტიციის საბჭოს დათხოვნა და სხვა – ოპოზიციის ნაწილის პირობა სასამართლო რეფორმაზე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სასამართლო სისტემის რეფორმის პირობას დებს. დღეს, 13 მარტს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სასამართლო რეფორმის თაობაზე.

მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემთხვევაში, განახორციელებენ შემდეგ რეფორმებს და დაისახავენ შემდეგ მიზნებს:

  • ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;
  • 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;
  • საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით, 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.
  • უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;
  • სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.

მემორანდუმს ხელს აწერენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ახალი საქართველო”, “გირჩი”, “სამოქალაქო მოძრაობა”, “ლეიბორისტული პარტია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი