ახალი ამბები

სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

13 მარტი, 2020 • 4803
სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძეს თქმით, 2019-2020 წლის სასწავლო პროცესი სკოლებში გეგმისამებრ 15 ივნისს დასრულდება.

მისი თქმით, ჯერჯერობით უწყება არ აპირებს სასწავლო პროცესი საგაზაფხულო არდადეგების ხარჯზე გაზარდოს.

„სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო დღეები. ამაში სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ივნისს დასრულდება სასწავლო წელი.

განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ გეგმავს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას, შესაბამისად, სასწავლო წელი დასრულდება იმ ვადებში, რომელიც არის დღესდღეობით უკვე დადგენილი,“ – ამბობს დგებუაძე „იმედის“ ეთერში.

კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროცესი ქვეყანაში 1 აპრილამდე შეწყდა.

მანამდე, განათლების სამინისტრომ ერთკვირიანის ნაცვლად, ორკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები გამოაცხადა, რომელიც 2 მარტს დაიწყო და 16 მარტს უნდა დასრულებულიყო.


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

სწავლა შაბათს ან გაკვეთილების დამატება – როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს


რაც შეეხება ზოგად ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, ბოლო ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) დაავადებულთა რიცხვი 25-ს აღწევს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აქედან 2 შემთხვევა უკავშირდება ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენი ყველა კი პირდაპირ ან ირიბად  – იტალიას.

მისივე თქმით, 30 იანვრიდან ლუგარში სულ 577 ნიმუში შემოწმდა, საიდანაც დადასტურდა – 25.

მასალების გადაბეჭდვის წესი