ნეტგაზეთი | ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსს უკავშირებს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსს უკავშირებს – Netgazeti

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსს უკავშირებს

მიმიდნარე კვირის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენციას საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებს.

სებ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა

“აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს.

შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება. მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა და მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, ეროვნულ ბანკში ამბობენ, როომ გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის:

“საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ბოლო დღეებში ლარი ევროსთან 11, აშშ დოლართან კი 10 თეთრით გაუფასურდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.