სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე ადასტურებს, რომ მომსახურების ცენტრებს ამ დრომდე დეზინფექცია არ ჩატარებია.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით ცენტრების სადენზიფექციო სამუშაოები შაბათ-კვირას დაიწყება, თუმცა როდის დასრულდება ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. გოგოძე განმარტავს, რომ 71 სერვის ცენტრის სადეზინფექციო სამუშაოების რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება, თუმცა ეცდებიან ეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს.
“სოციალური მომსახურების სააგენტო კორონავირუსის გარცელების პრევენციის მიზნით კომპლექსურ სადენზიფექციო სამუშაოებს იწყებს. სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება როგორც თბილისის ასევე რეგიონების სერვისცენტრებში. რაც შეეხება კითხვას რატომ არ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ამის საჭიროება დღემდე არ ყოფილა. ჩვენ ვმოქმედებთ სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად და როგორც კი ეს მოგვთხოვეს, ჩვენ მომზადებული შევხვდით. ამასთან, ყველა ცენტრში ხელის ხელის სადეზინფექციო საშუალება განთავსდება, რომლითაც თანამშრომლებთან ერთად ცენტრში მისული ბენეფიციარებიც ისარგებლებენ”.
დღეს, 11 მარტს, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ განცხადება გაარცელა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსგან სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ყველა სერვის ცენტრის დეზინფექციას ითხოვდა.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს მხრიდან თანამშრომლებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაეგზავნა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არც დეზინფექცია ჩაუტარება და არც თანამშრომლებისთვის მიუცია დასაბანი ანტიბაქტერიული სითხეები.