ახალი ამბები

ასეთი შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე თამლიანის, რურუასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

10 მარტი, 2020 • 1014
ასეთი შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე თამლიანის, რურუასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმება იმაზე, რომ ბესიკ თამლიანი, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას სასამართლოს გზით საპატიმროებს დატოვებდნენ არ მომხდარა. ამის შესახებ თალაკვაძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე დატოვებდნენ თუ არა თამლიანი, ოქრუაშვილი და რურუა საპატიმროებს და შეიწყალებდა თუ არა პრეზიდენტი გიგი უგულავას, თალაკვაძემ უპასუხა, რომ “ასეთი შეთანხმება არ ყოფილა”:

“ყველაფერი, რაზეც შეთანხმება მოხდა წერია ამ დოკუმენტებში და დანარჩენი ამის მიღმა შეთანხმება პარტიებს შორის არ მომხდარა”, – განაცხადა თალაკვაძემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის თქმით, შეთანხმება შედგა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეც.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი